უცნაური ქვეყანაა იტალიაა, ტემპერამენტით, სამზარეულოთი და მისთვის დამახასიათებელი ფეხბურთით. კიდევ უფრო უცნაური სამხრეთ იტალიაა. თუ გინდა ნამდვილ იტალიას გაეცნო პირველ ყოვლისა ამ მშვენიერი ქვეყნის ეს მხარე უნდა მოინახულო, მერე აუცილებლად შეიგრძნობ იმას, თუ რას ნიშნავს იტალიელობა. უბრალოდ, თუ მარტივად გინდათ შეგექმნას წარმოდგენა როგორია ნამდვილი ნეაპოლელი ადამიანი, ერთხელ მაინც “სტადიო სან პაოლოს” კომენტატორის, დანიელე ბელინის ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები უნდა ნახოთ და დამიჯერეთ, ესეც საკმარისი იქნება...
საერთოდ ისეა, რომ სამხრეთელები ჩრდილოელებს ვერ იტანენ. ამას თავის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები რაღა თქმა უნდა გააჩნია, თუმცა ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა ნამდვილად არაა. ჩვენი თემა მშვენიერი ქალაქის, ნეაპოლის მშვენიერი გუნდი “ნაპოლია”, რომელიც შორეულ 1926 წლის 1 აგვისტოს დაარსდა.
“ნაპოლი” ერთ დროს სხვებისგან არაფრით გამორჩეული გუნდი იყო. არც რაიმე განსაკუთრებული სახის ამბიცია გასჩენია ოდესმე, ასე თავისთვის მშვიდად განაგრძობდა არსებობას და ამაყი ნეაპოლელი ტიფოზების ჭიასაც შიგადაშიგ ახარებდა ხოლმე.
ალბათ, არც შემდგომ შეიცვლებოდა ამ მხრივ რამე, რომ არა 1984 წლის ზაფხული. კორადო ფერლაინომ (“ნაპოლის” პრეზიდენტი – რედ.) შეიძლება ითქვას, საუკუნის ტრანსფერი განახორციელა. კატალონიის “ბარსელონადან” არც მეტი, არც ნაკლები თვით დიეგო მარადონა გადაიბირა. იცით, მაშინ ეს დაახლოებით როგორი რამ იყო? – აი, ახლა რომ ლიონელ მესი სადმე, რომელიმე იტალიურ პროვინციულ გუნდში გადავიდეს. იმ წლიდან კი “აძური” იტალიური ფეხბურთის მარაქაში გარევას იწყებს და უკარება ჩრდილოურ გუნდებს მშვიდ ცხოვრებასაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც ურღვევს. მარადონას ეპოქაში ნეაპოლიტანელებმა თავი ნამდვილ იტალიელებად იგრძნეს (არც მანამდე უჩიონდნენ უამისობას, მაგრამ მაინც...), 1987 და 1990 წლებში საერთოდ საკუთარი ისტორია გადაწერეს და იტალიის უძლიერესი გუნდის სახელი ორგზის ირგუნეს, ეს კი იმხანად ფაქტობრივად ევროპის უძლიერეს გუნდობასაც ნიშნავდა, რადგან კალოჩოს ევროპაში ბადალი ძნელად თუ მოეძებნებოდა...
მაგრამ, მაგრამ მათ არც ევროპული ასპარეზი დავიწყნიათ და 1988-1989 წლების სეზონი ოტავიო ბიანკის დამოძღვრილმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა. მაშინ უეფას თასი (დღევანდელი ევროპის ლიგა) რანგით უეფას მესამე ტურნირად ითვლებოდა, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელ, რანგით უკვე მეორე ტურნირს, იმავე ევროპის ლიგას რამით ჩამოუვარდებოდა – პირიქით, ალბათ, აღემატებოდა კიდეც.
“ნაპოლი” უკვე აღარ იყო ერთი ჩვეულებრივი იტალიური გუნდი, იგი უკევ ევროპული საზომებით იზომებოდა. სხვანაირად “სან პაოლოზე” ბურთს ვერც გენიალური დიეგო, ვერც ანტონიო დე ოლივეირა ფილიო, ანუ უფრო ადვილად რომ ვიცნოთ, კარეკა, ვერც მისი თანამემამულე რიკარდო როჟერიო დე ბრიტო, იგივე ალემაო გააგორებდა. ისეც არ იყო, რომ კორადო ფერლაინო ნეაპოლელთა დღევანდელ ხელმძღვანელს ჩამომსგავსებოდა (წინასწარ) და გუნდი არც იტალიელი მოთამაშეების ნაკლებობას უჩიოდა – მაგალითის მოსაყვანად, ანდრეა კარნევალე, ფერნანდო დი ნაპოლი და იმხანად კარიერის საწყის სტადიაზე მყოფი, ნეაპოლში დაბადებული და გაზრდილი, შემდგომ უკვე სახელოვან მცველად ჩამოყალიბებული ჩირო ფერარაც გამოდგება.
ტრიუმფალური გზის ბოლო ნაწილში კი “ნაპოლიმ” ერთბაშად, მასზე ბევრად გამოცდილი გუნდები ჩამოიცილა გზიდან. ჯერ თავიანთი ქომაგებისთვის ერთობ საძულველ და ამაყ “იუვენტუსს” აჯობა, შემდგომ უკვე მის გზას მიუნხენის “ბაიერნიც” გაუყენა და ფინალში გავიდა. ფინალში კი ორმატჩიან, ძალზე დაძაბულ და ლამაზ მატჩებში ასევე გერმანულ “შტუგარტს” სძლია. მაშინ, ისე არ იყო, როგორც დღეს, როცა გადამწყვეტ მატჩს ერთი, კონკრეტული, წინასწარ შერჩეული თუ არჩეული ქალაქი მასპინძლობს. ნეაპოლში, გადარეული და გამხეცებული ტიფოზების თვალწინ “აძურიმ” “შვაბებს” მარადონასა და კარეკას გვიანი გოლებით 2:1 აჯობა. 1989 წლის 17 მაისი კი “ნაპოლის” ისტორიაში შესული დღეა. “ნეკერშტადიონზე” გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი გოლი გაუტანეს, რაც იმას უწყოდა, რომ ნეაპოლი აფეთქდა, ნეაპოლი ამოხეთქილ ვულკანს დაემსგავსა, “ნაპოლი” ევროპულ ასპარეზზეც აღარ იყო უსახელო გუნდი. მაშინ, ყველაზე პესიმისტ ნეაპოლელსაც არ მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ერთადერთი გაბრწინება იქნებოდა მათი სათაყვანებელი გუნდისა. თუმცა, თურმე, კი არ უნდა წარმოედგინათ უნდა დაეჯერებინათ კიდეც.
ამბობენ, დრონი მეფობენ და არა მეფენიო და სულ მალე გუნდიდან მარადონაც წავიდა, ალემაოც და კარეკაც. ოდნავ უფორ გვიან ფერარაც. “ნაპოლი” ათწლიანი პატრონობის შემდეგ ფერლაინომაც მიატოვა და თითქოს ნეაპოლეთა სიზმარიც დასრულდა. თუმცა ეს, ის სიზმარი არ ყოფილა, რომელსაც გამდინარე წყალს უყვებიან ხოლმე - პირიქით საამაყო სიზმარი გახლდათ...
ამის შემდეგ “ნაპოლი” ერთ ტურისტულ გუნდად იქცა, რომელიც სერია A –დან სერია B-ში გაუთავებლად მოგზაურობდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გაკოტრების წინაშე დადგა. აქ კი ცრუმომორწმუნე ნეაპოლელებს მფარველ ანგელოზად კინოპროდიუსერი აურელიო დე ლაურენტისი მოევლინა და “აძურიმაც” ნელ-ნელა ხელოვნური სუნთქვიდან ბუნებრივ სუნთქვაზეც გადაინაცვლა. აგერ ლამის ათეული წელია დე ლაურენტისი ჯიუტად გაიძახის სკუდეტოს მოპოვებაზე სეზონის დაწყებამდე, მაგრამ მისდა და ნეაპოლელთა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ სურვილს ასრულება ვერადავერ ეღირსა. მეტიც, გუნდი იმ დაუვიწყარი 17 მაისის შემდეგ, არც ევროტურნირების საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრილა, უფრო სწორად, ვერ ხვდებოდა, რადგან “ნაპოლიმ” ისტორია კიდევ გადაწერა და ევროპის ლიგის, გნებავთ უეფას თასის (არსი მაინც იგივე რჩება) ნახევარფინალში გააღწია. სიმბოლურია, რომ ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან ისევ გერმანული გუნდი ასოცირდება – ამჯერად, ნაკლებ სახელოვანი “ვოლფსბურგი”.
არადა, თითქოს დრო სწრაფად გადის, თუმცა ნეაპოლელი ფანატიკოსებისთვის 26 წელი სწრაფად სულაც არ გასულა. ისინი ამ დღეს ჭეშმარიტად 26 წელი ელოდნენ და აი, როგორც იქნა ამ ტემპერამენტიან და მხიარულ ხალხს ოცნება აუხდა – “ნაპოლი” ევროპულ მარაქაშშია და ვინძლო, იქნებ აგვისტოს ერთ ჩვეულებრივ ცხელ საღამოს ჩვენს “ოცნების თეატრში”, “დინამო არენაზეც” ვიხილოთ...