ფეხბურთი

21:01 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა 1/4 ფინალების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის 1/4 ფინალები უკვე წარსულის მოგონება გახდა. ამ ეტაპის შემდეგ კი საკმაოდ საინტერესო დეტალები და ფაქტები დაფიქსირდა.

2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთი გოლიც ვერ გაიტანეს. პორტუგალიელმა და არგენტინელმა სუპერვარსკვლავებმა მადრიდის “ატლეტიკოსა” და “პარი სენ ჟერმენის” კარს გასაღები ვერ მოარგეს.

“რეალმა” ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეხუთედ გააღწია, “ბაიერნმა კი – მეოთხედ. რეკორდი ამ მხრივ კატალონიის “ბარსელონას” ეკუთვნის, რომელიც 2007-2008 წლების სეზონიდან 2012-2013 წლების სეზონამდე მიჯრით ექვსჯერ გასულა საუკეთესო ოთხ გუნდში.

“ბარსელონამ” პსჟ-ს წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები “რეალს” და “ბაიერნს” გააჩნიათ - 10.

უეფას ჩემპიონთა ლიგას ჯამში 88 ნახევარფინალისტი ჰყოლია. აქედან 26 ესპანური, რაც ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგია. ესპანეთმა ასევე რეკორდი დაამყარა იმ მხრივ, რომ მიჯრით მეხუთე სეზონია ლიგის ამ ეტაპზე ერთ გუნდზე მეტითაა წარმოდგენილი.

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1/4 ფინალში ბოლოს დამატებით დრო დაინიშნა. უკანასკნელად ასეთი რამ 2004-2005 წლების სეზონში, ჰოლანდიური “ეინდჰოვენისა” და ფრანგული “ლიონის” ჯახში მოხდა. მაშინ გუნდებმა ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:1 დაასრულეს, ხოლო გამარჯვება მატჩისშემდგომ პენალტებში პსვ-ს ერგო.

“პორტუსა” და “ბაიერნის” ორმატჩიან დუელში 11 გოლი გავიდა და ეს მთლიან რეკორდთან შედარებით ორი გოლით ნაკლებია (ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა). მთლიანად კი 8 შეხვედრაში 19 გოლი გავიდა, ასეთი დაბალი შედეგი კი 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ მომხდარა, რომ ერთ გუნდს, ერთ ტაიმში ხუთი ან მეტი გოლი გაეტანოს. ამის გაკეთება კი მიუნხენის “ბაიერნმა” მიმდინარე სეზონში ორჯერ მოახერხა - “რომასა” და “პორტუს” წინააღმდეგ.

“პორტუმ” ჩემპიონთა ლიგაზე 51-ე მატჩი წააგო და თავისსავე ანტირეკორდი გააუმჯობესა. ბოლოს კი ხუთბურთიანი სხვაობით “დრაკონებს” 2010 წელს “არსენალის” წინააღმდეგ წაეგოთ.

ჯექსონ მარტინესმა ლიგაზე “პორტუსთვის” მე-200 გოლი გაიტანა. ასეთ მაჩვენებელს კი აქამდე პორტუგალიელების გარდა, კიდევ რვა გუნდს მიუღწევია.

“ატლეტიკოსთან” მატჩი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 140-ე აღმოჩნდა. ამ მხრივ კი რეკორდი ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის – 190 თამაში.

“მონაკოს” ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე შეხვედრა ჩაატარა. მას მონეგასკების გარდა, ამ ტურნირზე “ნანტის”, “ლიონისა” და “მალაგას” შემადგენლობაშიც უთამაშია.

0.115745