სხვა

19:37 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძის მორიგი ბრალდება და ყიფიანის პასუხი
საკრებულოში ოლიმპიური ფესტივალის და “დინამო არენას” დაფინანსების საკითხი განიხილეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობის წევრებმა ოლიმპიური ფესტივალის სოფელის მშენებლობის და “დინამო არენას” რეკონსტრუქციის დაფინანსების საკითხი განიხილეს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ ახალგაზრდული ოლიმპიადისა და “დინამო-არენისთვის” დამატებით გამოყოფილი თანხების განკარგვის შესახებ ისაუბრა. უგრეხელიძის აზრით, შესაძლოა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კორუმპირებული ჩინოსნების ჯიბეში აღმოჩნდეს.

“როდესაც 28 მილიონი დახარჯულია პირდაპირი შესყიდვებით ტენდერების გარეშე, რა თქმა უნდა ეს თანხები დაკარგულია და ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს. 2 კვირის წინ დამატებით 38 მილიონი გამოიყო ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ, თუ ეს თანხებიც დაიხარჯება ასევე პირდაპირი შესყიდვებით, ეს კიდევ უფრო უყაირათოს გახდის ამ ხარჯვას. ფონდ “ქართუდან” მიღებულ 10 მილიონზე კი იმის თქმა შემიძლია - ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თითოეული თეთრი გაწერილი იქნებოდა, მაგრამ ვერანაირ პროგრამულ ბიუჯეტს ვერ ვხედავ. რაც შეეხება სტადიონს, გაურკვეველია, რატომ გახდა დამატებით 6 მილიონი საჭირო, რადგან ჯამში საქმე გვაქვს 19 მილიონის ხარჯვასთან. ვფიქრობ, 19 მილიონით ახალი სტადიონის აშენებაც შეიძლებოდა”, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

სევდია უგრეხელიძის მოსაზრებას არ დაეთანხმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთი დამატებითი თეთრი საორგანიზაციო კომიტეტს არც მოუთხოვია და შესაბამისად არც გამოყოფილა. 10 მილიონი, რომელზეცაა საუბარი, გამოეყო თბილისის მერიას ოლიმპიადის ჩატარების ადგილების კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურული ნაწილების შესაქმნელად. საორგანიზაციო კომიტეტი სრულიად არაა კავშირში, არც ერთი დამატებითი თეთრი ჩვენ არ მოგვითხოვია”, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

ამავე თემაზე TVS-თვის ისაუბრა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ, რომელმაც პრობლემების მთავარ დამნაშავედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი აპარატი მიიჩნია. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის მტკიცებით, მინისტრმა არ გაითვალისწინა პარლამენტის სპორტის კომიტეტის შენიშვნები. კურტანიძეს მხედველობაში ფონდ “ქართუს” მიერ გამოყოფილი ათი მილიონი ჰქონდა.

ლუკა კურტანიძის სიტყვებს TVS-თან საუბარში ლევან ყიფიანი გამოეხმაურა, რომლის აზრით, პარლამენტარის განცხადება პირადი ინტერესითაა გამოწვეული.

0.127078