საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2014-2015 წლების სეზონის ოქროს მედლები მფლობელი ფეხბურთის ფედერაციისგან ჯილდოდ 250000 ლარს მიიღებს. ვერცხლის მედლების მომგები - 150000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს – 100000-ს.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მომგებ გუნდს ფედერაციისგან 100000 ლარი გადაეცემა.
ეს საკითხი 23 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უმაღლესი ლიგის კლუბების შეხვედრისას გადაწყდა, რომელიც ქართველი ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფისში შედგა. მას უმაღლესი ლიგის 15 კლუბის პრეზიდენტი ან დირექტორი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხოლოდ “სამტრედიას” წარმომადგენელი არ იყო.
საპრიზო ფონდის გარდა, მხარეებმა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრეს. ზესტაფონელთა გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა აღნიშნა, რომ კლუბი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.