ჭადრაკი

17:03 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინაც დამარცხებულია!

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 2015 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე თამაშობს, მორიგ წარმატებას მიაღწია. ტურნირის მე-5 ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ, ევროპის მოქმედ ჩემპიონ უკრაინას 2.5:1.5 სძლიეს და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს ქულა ბელა ხოტენაშვილმა (2513) მოუტანა, რომელმაც ანა მუზიჩუკს (2552) სძლია, ლელა ჯავახიშვილი (2481) მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მარია მუზიჩუკს (2526) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილმა (2473) ყაიმი მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ანა უშენინასთან (2486) გააფორმა და ფრედ დასრულდა სალომე მელიას (2459) და ნატალია ჟუკოვას (2471) პარტიაც.

შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 9 ქულა მოაგროვეს და ქულით უსწრებენ მე-2 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელმაც აუტსაიდერი ეგვიპტე 4:0 გაანადგურა. ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა ჩინეთმა პოლონეთს 3:1 სძლია და 7 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მე-5 ტურის სხვა შეხვედრებში ინდოეთმა აშშ-ს 3:1 მოუგო, ხოლო სომხეთმა და ყაზახეთმა ყაიმი გააფორმეს – 2:2.

24 აპრილს მსოფლიო პირველობაზე დასვენების დღეა, რაც საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი პარტიების წინ დიდად უნდა წაადგეს. 9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-6 ტური 25 აპრილს ჩატარდება და ქართველი მოჭადრაკეები აშშ-ს ნაკრებს შეხვდებიან. ამერიკელთა აქტივში 4 ქულაა (მათ მხოლოდ ეგვიპტე ჰყავთ დამარცხებული) და ისინი მე-7 ადგილზე იმყოფებიან, ამდენად, ფავორიტი მომავალ შეხვედრაშიც საქართველოა. დასკვნით სამ ტურში ქართველთა მეტოქეები ინდოეთი, სომხეთი და ჩინეთი იქნებიან.

0.118471