როგორც Sun იუწყება, დანიელი მწვრთნელი მიქაელ ლაუდრუპი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ლეგენდარული დანიელი ფეხბურთელი ამჟამად “ლეხვიას” მთავარ მწვრთნელად მუშაობს, თუმცა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ვესტ ჰემში” ან ქპრ-ში განაგრძოს კარიერა.
ლაუდრუპის სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი უელსურ “სუონსში” მუშაობას უკავშირდება, სადაც 2013 წელს ინგლისის ლიგის თასი მოიგო, შემდეგ კი ევროპალიგის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.
დანიელი მწვრთნელი 2005 წელს “ბრონდბიუსთან” ერთად იმყოფებოდა თბილისში. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ბრონდბიუმ” კახა ცხადაძის გუნდი 2:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 5:1 სძლია საქართველოს ჩემპიონს.
2008-2009 წლებში ლაუდრუპი მოსკოვის “სპარტაკში” ჯანო ანანიძეს წვრთნიდა. ამჟამად ყატარულ კლუბში დანიელის ასისტენტი ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტია, რომელსაც 2012-14 წლებში თბილისის “ლოკომოტივისა” და ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად უმუშავია.