აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის ფინალი უქართველებოდ ჩაივლის. 1/2-ფინალში ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, სტუმრად თანაქალაქელ “ნეფთჩისთან” პირველი მატჩი 0:2 წააგო, ხოლო საპასუხო 2:1 მოიგო და ფინალს მიღმა დარჩა.
21 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაში “ინტერის” ქართველი ლეგიონერებიდან ბაჩანა ცხადაძემ სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ვარდნაში თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძე სათადარიგო იყო და არ უთამაშია. კიდევ ერთი მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი და მეკარე გიორგი ლომაია ტრავმირებულნი არიან, რის გამო, 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდნენ.
მეორე 1/2-ფინალურ წყვილში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი “სიმურგი” სახლში აგდამის “ყარაბაღს” უგოლოდ გაეყარა და რადგან პირველი მატჩი წაგებული (0:1) ჰქონდა, თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
უნგრეთის ლიგის თასს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა ნირედხაზას “სპარტაკუსი”, რომლის რიგებში ნახევარმცველი ზურა არზიანი და თავდამსხმელი დათო დარციმელია გამოდიან.
“სპარტაკუსმა” პირველი მატჩი სტუმრად “ჰონვედთან” 0:3 წააგო, ხოლო სახლში 2:3 დამარცხდა. საშიანო მატჩში დარციმელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. არზიანი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.