ფეხბურთი

10:42 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” VS “ატლეტიკო” – დეტალები, ფაქტები, სტატისტიკა

დღეს საღამოს მადრიდული დერბია. უცნურია, მაგრამ ორივე გუნდი რევანშისთვის ემზადება – “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატსა და სამეფო თასზე განცდილი მარცხების გამო, ხოლო “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებისთვის.

ერთი კვირის წინ, “ვესენტე კალდერონზე” გუნდები უგოლოდ გაიყარნენ, რაც ამ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ურთიერთშეხვედრები

გასული სეზონის ფინალური მატჩში 36-ე წუთზე დიეგო გოდინმა “როხიბლანკო” დააწინაურა, მსაჯის მესამე კომპესირებულ წუთზე კი თასი ხელიდან მათ სერხიო რამოსმა გამოგლიჯა. დემორალიზებულმა “ატლეტიკომ” დამატებით დროში სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

გუნდებმა 2014 წლის 24 მაისს, ლისაბონის “და ლუჟზე” შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ატლეტიკო”: კურტუა, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუისი (ალდერვეიელდი 83), ტიაგო, რაულ გარსია (სოსა 66), გაბი, კოკე, დიეგო კოშტა (ადრიანი 9), ვილია

“რეალი”: კასილიასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, კოენტრაო (მარსელო 59), მოდრიჩი, ხედირა (ისკო 59), ბეილი, დი მარია, ბენზემა (მორატა 79), რონალდუ

მანამდე გუნდები 1958-1959 წლების სეზონში ერთმანეთს ნახევარფინალშიც გადაეყარნენ. პირველი მატჩი “სამეფო კლუბმა” 2:1 მოიგო, განმეორებით კი 0:1 დათმო. გადათამაშება, რომელიც სარაგოსაში გაიმართა, ფერენც პუშკაშის გოლით “რეალმა” მოიგო და ფინალში გავიდა.

1959 წლის 13 მაისს, “ლა რომალედას” სტადიონზე გუნდებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

“რეალი”: დომინგესი, მიჩე, სანტიმარია, ლესმესი, რუისი, ზარაგა, მატეოსი, კოპა, დი სტეფანო, პუშკაში, ჰენტო

“ატლეტიკო”: პაცოსი, რივილია, კალეხო, მენდიონდო, ჩუზო, კალეხა, მიგელი, აგუსტინი, ვავა, პეირო, კოლარი

მიმდინარე სეზონში ამ გუნდთა გზები უკვე ექვსჯერ გადაიკვეთა. ესპანეთის პრიმერადივიზიონში “ატლეტიკომ” სტუმრად 2:1 გაიმარჯვა, შინ კი 4:0. აღნიშნული გამარჯვება “როხიბლანკოსთვის” 1987 წლის მერე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული დერბი იყო.

2014 წლის 13 სექტემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: კასილიასი, არბელოა (ვარანი 77), პეპე, რამოსი, კოენტრაო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ისკო 72), როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა (ჩიჩარიტო 63)

“ატლეტიკო”: მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკუერა, რაულ გარსია, გაბი (არდა 61), ტიაგო, კოკე, ხიმენესი (გრიზმანი 64), მანჯუკიჩი (სუარესი 78)

“ატლეტიკომ” მეტოქე აგრთვე “სამეფო თასზეც” დაჯაბნა. მოუგო რა, ჯერ “კალდერონზე” ანგარიშით 2:0, ხოლო სტუმრად საპატიო და სასურველ ფრეს მიაღწია – 2:2. მანამდე კი ესპანეთის სუპერთასზე ორი მატჩის ჯამში 2:1 გაიმარჯვა (1:1 სტუმრად, 1:0 შინ).

ჯამში “რეალი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს 202-ჯერ შეხვედრილან. 103 გამარჯევბა “რეალს” ეკუთვნის, 50 – “ატლეტიკოს”, ხოლო 49 მატჩი ფრედ დასრულდა.

დეტალები

“რეალი”

“რეალი” მეოთხედეფინალში ზედიზედ მეხუთედ იმყოფება. კარლო ანჩელოტის გუნდს აქვს შანსი გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მიჯრით მეორედ მოიგებს.

“რეალის” ზედიზედ მოგებული მატჩების სერია, რომელმაც 11 მატჩი შეადგინა, მერვედფინალის საპასუხო შევხედრაში “შალკეს” წინააღმდეგ შეწყდა (3:4). კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდელთა სიამაყის, რაულის შედეგი ლიგაზე გატანილი გოლების მხრივ, სწორედ გერმანელთა წინააღმდეგ გააუმჯობესა, ოღონდ გელზენკირხენში მოგებულ მატჩში.

გასული სეზონის მეოთხედფინალში “რეალმა” საპასუხო მატჩი “დორტმუნდთან” 0:2 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გააღწია, რადგან მანამდე “ბერნაბეუზე” 3:0 მოეგო.

კარლო ანჩელოტი შესაძლოა პირველი მწვრთნელი გახდეს, ვისაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ ექნება მოგებული. 2003 და 2007 წლებში მან “მილანი” გააჩემპიონა, ხოლო ერთი წლის წინ “რეალი”. გარდა ამისა, მას ეს თასი ორჯერ ფეხბურთელობისას მოუგია – 1989 და 1990 წლებში.

“რეალს” აქამდე პლეი-ოფის პირველ მატჩში ფრედ 22-ჯერ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე გასვლა 21 გზის მოახერხა. ერთადერთი გამონაკლისი 1990-1991 წლების სეზონს ეკუთვნის, როცა მოსკოვში, “სპარტაკთან” ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდგომ მადრიდელებმა საკუთარ კედლებში 1:3 წააგეს. 0:0 კი სტუმრად პლეი-ოფის ეტაპზე ჯამში 8-ჯერ აქვს ნათამაშები.

“რეალს” უეფას ტურნირებში თერთმეტმეტრიანების სერიაში სულ სამჯერ უთამაშია. 1 გამარჯვება, ორი მარცხის საპირისპიროდ.

“ატლეტიკო”

“როხიბლანკო” მეოთხედფინალში მეშვიდედ იმყოფება და ნახევარფინალში გასვლას მეხუთედ ეცდება.

“ატლეტიკოს” ესპანური გუნდების წინააღმდეგ უეფას ტურნირებში ჯამში 16-ჯერ უთამაშია. აქედან მათ 7 მატჩი მადრიდულმა გუნდმა მოიგო, ხოლო 5-ში დამარცხდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე კი გასულ სეზონში კატალონიის “ბარსელონას” ორი მატჩის ჯამში 2:1 აჯობა.

“ატლეტიკოსთვის” ლისაბონში წაგებული მატჩი ერთადერთი იყო ესპანური გუნდების წინააღმდეგ უკანასკნელ 10 წელიწადში (5 გამარჯვება, 4 ფრე). მანამდე ბოლოს, 2004 წელს ინტერტოტოს ფინალში “ვილიარეალთან” დამარცხებულიყო – 0:2.

“ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგაზე, 2013 წლის სექტემბრიდან სტუმრად ბოლო ათი შეხვედრიდან 5 მოგებული აქვს და მხოლოდ 2 მატჩში დამარცხდა. ერთ-ერთი ასეთი მატჩი კი მერვედფინალში “ლევერკუზენთან” შედგა, სადაც სიმეონეს გუნდმა 0:1 წააგო, თუმცა საკუთარ მოედანზეც ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წყალობით შეძლო.

“ატლეტიკომ” მას შემდეგ, რაც პირველი მატჩი ფრედ დაასრულა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ბოლო 8 შემთხვევიდან 5-ჯერ მოახერხა. საკუთარ მოედანზე პირველ მატჩში 0:0 კი სულ სამჯერ ითამაშა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვება სამჯერვე მოახერხა – ერთი წლის წინ “ჩელსისთან” (0:0, 3:1), 2009-2010 წლების სეზონში “სპორტინგთან” (0:0, 2:2) და 1973-194 წლების სეზონში “გალათასარაისთან” (0:0, 1:0)

თერთმეტმეტრიანების სერიაში “როხიბლანკოს” უეფას ტურნირებში სულ 4-ჯერ უთამაშია. მერვედფინალში “ლევერკუზენთან” მათ აღნიშნული სერია პირველად მოიგეს.

ფეხბურთელები და მწვრთნელები:

კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე ფეხბურთელობისას ერთმანეთს ერთადერთხელ, 1991 წლის იანვარში დაუპირისპირდნენ, როცა იტალიელი “მილანის”, ხოლო არგენტინელი “პიზას” ღირსებას იცავდნენ. ანჩელოტის გუნდმა ის თამაში 1:0 მოიგო.

მწვრთნელის რანგში კი ისინი აქამდე 11-ჯერ შეხვედრილან. 5-ჯერ სიმეონემ მოიგო, სამჯერ ანჩელოტიმ, ხოლო სამი მატჩის ფრედ დასრულდა.

“ატლეტიკოს” მცველი ხუან ფრანი “რეალის” სკოლის აღზრდილია. 2003-2004 და 2004-2005 წლებში ჯამში მან თეთრი მაისურით 6 თამაში გამართა.

ისკო, ასიერ ილიარამენდი, ნაჩო, დანიელ კარვახალი და კოკე 2013 წელს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ერთად თამაშობდნენ, რომელიც მოიგეს კიდეც.

ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები არიან:

მარსელო და მირანდა (ბრაზილია)

კრიშტიანუ რონალდუ, ფაბიო კოენტრაო, პეპე და ტიაგო (პორტუგალია)

რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა და ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

ლუკა მოდრიჩი და მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია)

ხუან ფრანი, მარიო სუარესი, კოკე, ისკო, დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი და იკერ კასილიასი (ესპანეთი)

კლუბებში ყოფილი თანაგუნდელები:

ქარიმ ბენზემა და ტიაგო (“ლიონში”, 2005-2007)

ასიერ ილიარემენდი და ანტუან გრიზმანი (“სოსიედადში”, 2010-2013)

კრიშტიანუ რონალდუს “ატლეტიკოსთვის” 20 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. 2012 წლის 11 აპრილს კი ჰეთ-თრიქი შეუსრულა ლა ლიგის მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო. 2012-2013 წლების სეზონის კოპა დელ რეის ფინალში კი გოლი გაუტანა, თუმცა შემდეგ მოედნიდან გააძევეს და შეხვედრა “ატლეტიკომ” 2:1 მოიგო.

სერხიო რამოსს “როხიბლანკოს” წინააღმდეგ მატჩისას წითელი ბარათი ორჯერ მიუღია. პირველად 2006 წლის 1 ოქტომბერს (1:1) და მეორედ 2009 წლის ნოემბერში (3:2).

სტატისტიკა

“რეალი”

მარსელო დღევანდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი იგივე საფრთხის წინაშე სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო და ტონი კროოსი არიან.

პირველ შეხევდრაში დაფისქირებული უგოლო ფრე იყო პირველი “რეალისთვის” 2013 წლის 7 დეკემბრის შემდეგ, როცა კოპა დელ რეის ტურნირზე “ბლანკოსი” უგოლოდ “ქსატივიას” დაშორდა.

“რეალს” ხუთი მატჩია არ წაუგია, მას მერე, რაც 22 მარტს “ელ კლასიკოში”, “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა. “მალაგასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში კი რონალდუმ მიმდინარე სეზონში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.

11 აპრილს, “ეიბართან” მატჩში ხავიერ ერნადესმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი გოლი გაიტანა.

5 აპრილს, “გრანდასთან” 9:1 განადგურება “რეალის” მიერ ლა ლიგაში 1967 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი გახლდათ.

იმავე “გრანადას” წინააღმდეგ რონალდუმ კარიერაში პირველად ერთ თამაშში 5 გოლი გაიტანა. მას “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ახლა მხოლოდ ალფრედო დი სტეფანო და რაული უსწრებენ.

“ატლეტიკო”

მარიო სუარესი დღევანდელ მატჩს ზედმეტი გაფრთხილებების გამო ტოვებს. იგივე საშიშროების წინაშე ნახევარფინალში გაღწევის შემთხვევაში კრისტიან ანსალდი, გაბი, ხესუს გამესი, რაულ გარსია და ფერნანდო ტორესი დგანან.

“ატლეტიკოს” ყველა ტურნირის ჩათვლით “კალდერონზე” უკვე 10 მატჩია აღარ წაუგია.

მას შემდეგ რაც 17 მარტს, “ლევერკუზენთან” მატჩის 23-ე წუთზე იან ობლაკმა ტრავმირებული მიგელ ანხელ მოია შეცვალა, ჩატარებულ 7 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

“ლევერკუზენთან” მოგებულ მატჩში დაშავებული რაულ გარსია მოედანს პირველად ერთი კვირის წინანდელ შეხვედრაში დაუბრუნდა.

ანტუან გრიზმანმა ბოლო ხუთი მატჩიდან გოლის გატანა ოთხში მოახერხა. ბოლოს მოედანი უგოლოდ სწორედ “რეალთან” თამაშში დატოვა. ლა ლიგაში მას უკვე 20 გოლი აქვს გატანილი, ოთხით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში “რეალ სოსიედადის” შემადგენლობაში გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

გატანილი გოლები: “რეალი” 21 – “ატლეტიკო” 15

ბურთის ფლობა: 56% - 46%

კარისკენ დარტყმები (ჯამში): 161 – 120

კარში დარტყმები: 69 – 40

არაზუსტი დარტყმები: 45 – 50

დაბლოკილი დარტყმები: 47 – 30

ძელი (ხარიხა): 5 – 2

კუთხურები: 61% - 59%

თამაშგარე: 23 – 22

გაფრთხილება: 14 – 28

გაძევება: 0 – 1

0.155696