ფეხბურთი

1:35 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„პორტუს“ „ბაიერნის“ გაბრაზება არ ეპატია

„პორტუს“, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „ბაიერნთან“ მოგება ძვირად დაუჯდა. „დრაკონებმა“ მიუნხენური გუნდი ძალიან გააბრაზეს და შედეგად, მათ „ალიანც არენის“ დატოვება შერცხვენილებს მოუწიათ. „რეკორდმაისტერმა“ მეტოქეს საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრა და მოიგო რა 2 მატჩის ჯამში 7:4, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ბაიერნმა“ დიდი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან ბერნატის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით, გოლი მისმა თანამემამულემ, ტიაგო ალკანტარამ გაიტანა. ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სულ 2-ჯერ დაარტყა და მის ანგარიშზე 2 გოლია.

მიუხენურმა გუნდმა, პირველ 14 წუთში, „პორტუს“ კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა. ერთი კვირის წინათ, პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში, „ბაიერნს“ ამდენივე დარტყმა მთელი 90 წუთის განმავლობაში ჰქონდა.

ტიაგოს გოლიდან 8 წუთში, „ბაიერნმა“ მე-2 გოლიც გაიტანა და ორი მატჩის ჯამში უპირატესობა მოიპოვა. მიუნხენელებმა კუთხური მოაწოდეს, ბადშტუბერმა ბურთი მეკარის საჯარიმოში დააბრუნა სადაც ბოატენგმა თავით კარგად ითამაშა და ფაბიანუს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ დროისთვის, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, მომდევნო ეტაპზე უკვე „ბაიერნი“ გადიოდა, მაგრამ გვარდიოლას შეგირდები ამას არ დასჯერდნენ.

27-ე წუთზე, გერმანელებმა თავური დარტყმით კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ფილიპ ლამმა, მარჯვენა ფლანგიდან, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მიულერმა კარგად ითამაშა და ერთი შეხებით ბურთი ლევანდოვსკისკენ გაგზავნა, პოლონელმა კი ანგარიში 3:0 გახადა. ამ საგოლე კომბინაციის დროს, „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა 26 ზუსტი გადაცემა გააკეთეს, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია.

მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თავური დარტყმით 3 გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.

„რეკორდმაისტერმა“, ტაიმის ბოლო 10 წუთში, კიდევ 2 ბურთი გაიტანა. 36-ე წუთზე, ტომას მიულერის შორეული დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, ანგარიში 4:0 გახდა. „ბაიერნის“ 25 წლის შემტევმა, ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან), 27-ე გოლი გაიტანა და გადაუსწრო რა მარიო გომესს, ის, გერმანელებს შორის, ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა. მან მარჯვენა ფლანგიდან მიულერის მიერ გაკეთებული გადაცემა მიიღო, ბურთი გაისწორა და ზუსტად დაარტყა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთედ მოხდა, რომ გუნდმა 5 გოლი შეხვედრის პირველივე ტაიმში გაიტანა. ამ 5 შემთხვევიდან 3-ჯერ ეს „ბაიერნმა“ მოახერხა. გარდა ამისა, „ბაიერნი“ ტურნირის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც 5 გოლი ფლეი ოფის თამაშის პირველ ტაიმში გაიტანა.

„ბაიერნი“ მე-2 ტაიმში დაწყნარდა და გოლის გატანის საშუალება „პორტუსაც“ მიეცა. 73-ე წუთზე, ერერას გადაცემის შემდეგ, ნოიერის კარი თავური დარტყმით ჯექსონ მარტინესმა აიღო. საინტერესოა, რომ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ჩემპიონთა ლიგაზე განხორციელებული ბოლო 9 ზუსტი დარტყმით 7 გოლი გაიტანა.

„პორტუ“, მარტინესის გოლის მიუხედავად, 5-ბურთიანი სხვაობით წაგებას ვერ აცდა. 87-ე წუთზე, ტიაგოსთან უხეშობის გამო, ივან მარკანო მოედნიდან გააძევეს და „პორტუს“ კარში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ჩაბი ალონსომ ზუტად დაარტყა. ესპანელმა ნახევარმცველმა, „ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ, 8 ჯარიმა შეასრულა. აქედან 5-ჯერ ბურთი კარში წავიდა და 4-ჯერ გოლი გავიდა.

„პორტუსთან“ თამაში, პეპ გვარდიოლასთვის, საიუბილეო იყო. ესპანელმა სპეციალისტმა „ბაიერნს“ მეასედ უთავკაცა. ამ 100 თამაშიდან მისმა გუნდმა 77 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა და 11 წააგო.

გვარდიოლაზე ისიც უნდა ითქვას, რომ მან გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალამდე მიყვანა კიდევ ერთხელ მოახერხა. კატალონიელი სპეციალისტი მე-6 წელია მწვრთნელობითაა დაკავებული და მან გუნდი ლიგის ნახევარფინალში 6-ჯერ გაიყვანა.

„ბაიერნი“ კი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ გასვლების მხრივ რეკორდი „ბარსელონას“ ეკუთვნის, რომელმაც პსჟ-ს კვლავ იოლად სძლია. მიუნხენში გამართული შეხვედრის მსგავსად, მასპინძელი გუნდი უპირატესობას ბარსელონაშიც ფლობდა და „კამპ ნოუზე“ ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ერთი კვირის წინათ პარიზში 3:1 მოგების შემდეგ, „ბარსამ“ პსჟ-ს 2 გოლი შესვენებამდე გაუტანა. ეს ნიშნავდა, რომ ლორან ბლანის გუნდს, 1/2-ფინალში გასასვლელად, მეტოქის კარის მინიმუმ 4-ჯერ აღება მართებდა და ბუნებრივია, მე-2 ტაიმი ფორმალობად იქცა.

„ბარსელონას“ მხრიდან ორივე გოლი ნეიმარმა გაიტანა. მე-14 წუთზე, ინიესტას ჯადოსნური სოლორეიდის შემდეგ, მან ჯერ დავიდ ლუისი, შემდეგ კი სირიგუ მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ოც წუთში, მარჯვენა ფლანგზე დანი ალვესმა კარგად ითამაშა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეიმარმა თავით დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი გათამაშების განმავლობაში, ერთ გუნდს ოთხ თამაშში გაუტანა.

„ბარსელონას“ მე-11 ნომრის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში, უკვე 30 ბურთია, რაც წინა სეზონში მის მაჩვენებელზე ზუსტად 2-ჯერ მეტია. კატალონიური გუნდის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ ერთ სეზონში 30 ან მეტი გოლის გატანა ორმა ფეხბურთელმა მოახერხა. 2008/09 წლების სეზონში ეს შედეგი მესისა და ეტოოს ჰქონდათ, ახლა კი, მესისა და ნეიმარს აქვთ.

2008/09 წლების სეზონში, მესიმ, ეტოომ და ანრიმ, სულ 100 გოლის გატანა მოახერხეს, რაც კლუბის რეკორდია. მიმდინარე სეზონში, „ბარსელონას“ შემტევი ტრიოს (მესი-ნეიმარი-სუარესი) აქტივში უკვე 95 გოლია და დიდი ალბათობით, ეს რეკორდი გაუმჯობესდება.

„კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრის მე-2 ტაიმში მოედანზე ჩავი ერნანდესი გამოვიდა. ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა ევროტურნირებზე 170-ე, ჩემპიონთა ლიგაზე 148-ე და ამ ტურნირის ფლეი ოფში 53-ე თამაში ჩაატარა. სამივე ეს მაჩვენებელი სარეკორდოა.

რეკორდი დაამყარა „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც. ის პირველი სპეციალისტია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გამართული პირველი 10 თამაშიდან გუნდს 9 მოაგებინა.

ბოლოს კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც უნდა ითქვას. შვედი თავდამსხმელი თავის ყოფილ გუნდს, „ბარსელონას“, მეშვიდედ დაუპირისპირდა და მან მოგება ვერც ამჯერად მოახერხა.

ბაიერნი-პორტუ 6:1 (პირველი მატჩი 1:3)

მიუნხენი, “ალიაც არენა”

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია (როდე 72), ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი, ლამი, ალონსო, ტიაგო (დანტე 90), მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე (ვაიზერი 86).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, რეიესი (რიკარდო 33), მაიკონი, მარკანო, მარტინს ინდი, ერერა, კაზემირო, ტორესი, კუარეჟმა (ნევესი 46), მარტინესი, ბრაიმი (ევანდრო 67).

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.

გოლები: 1:0 ტიაგო (14), 2:0 ბოატენგი (21), 3:0 ლევანდოვსკი (27), 4:0 მიულერი (36), 5:0 ლევანდოვსკი (40), 5:1 მარტინესი (73), 6:1 ალონსო (88).

გაფრთხილებები: ბადშტუბერი 42 – ერერა 34, მარტინესი 38, რიკარდო 65, მარკანო 71.

გაძევება: მარკანო 87.

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 21 (9)-2 (1), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 0-1, სეივი: 0-3, ჯარიმა: 19-19.

ბარსელონა-პსჟ 2:0 (პირველი მატჩი 3:1)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი (ს. რობერტო 55), რაკიტიჩი, ინიესტა (ჩავი 46), მესი, სუარესი (პედრო 75), ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ლუისი, მაქსველი, ვერატი, კაბაიე (ლუკასი 66), მატუიდი (რაბიო 80), კავანი (ლავესი 80), იბრაჰიმოვიჩი, პასტორე.

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

გოლები: 1:0 ნეიმარი (14), 2:0 ნეიმარი (34).

გაფრთხილება: ლუისი 3.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (6)-8 (2), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-4, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-16.

0.118164