საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი “ზესტაფონი” უმაღლეს ლიგაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება იმერულ კლუბს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება. როგორც “ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკიამ გუშინ განაცხადა, სავარაუდოდ კლუბი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ილია კოკაია “ზესტაფონში” არსებულ ვითარებაზე გადაცემა “არენასა” და “კურიერს” ესაუბრა.
ილია კოკაიას თქმით გორის “დილასთან” მატჩის წინ ზესტაფონელი ფეხბურთელების მოქრთამვა იგეგმებოდა.
“მე კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, ეს კლუბის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. ფაქტია, რომ მოხდა, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ ვაცნობოთ ფედერაციასა და სამართალდამცავებს. ეს ფაქტი ფეხბურთის ფედერაციისთვის შაბათს გახდა ცნობილი, გენერალური მდივანი არველაძე დამიკავშირდა და ავუხსენი სიტუაცია. არ არის გადამწყვეტი “ზესტაფონი” მოიხსნა თუ არა გათამაშებიდან, აქ უფრო მეტი სკანდალი იყო მოსალოდნელი. გახსოვთ ალბათ რაც მოხდა თურქეთში “ბეშითაშთან” დაკავშირებით. გუნდი ჩემპიონი გახდა და უეფამ მოკვეთა ლიგიდან. აი ამ საშიშროების წინაშე იდგა ქართული ფეხბურთი. ზემოქმედება რამდენიმე ფეხბურთელზე მოხდა – განაცხადა კოკაიამ “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“ალბათ კლუბი მიმართავს სადისციპლინო კომიტეტს, თუმცა ეს არ არის მთავარი, მე მინდა მივმართო ქართული ფეხბურთის მესვეურებს, უღირთ თუ არა მათ სკამებზე ჯდომა იმ ფასად, რა დღეშიც არის ქართული ფეხბურთი და რა დონზეც ეცემა. ხომ არ დაფიქრდებიან შეიცვალონ განწყობილება ? ნუ ცდილობენ ყველაფრის ხარჯზე შეინარჩუნონ პოსტები.
“მზად ვარ მსურველს, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო პირი, სიმბოლურ ფასად გადავცე კლუბი” – აღნიშნა კოკაიამ.
ილია კოკაიამ გადაცემა “არენაში” მიმოიხილა სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსების ფორმა და განმარტა თუ რატომ აღარ სურს “ზესტაფონის” დაფინანსება.
“ქართულმა ფეხბურთმა დაკარგა კიდევ ერთი ინვესტორი და დაკარგავს ალბათ ძალიან ბევრს. გაუსაძლისია, როდესაც სახელმწიფო ინვესტორისგან მიღებული ფულით ებრძვის თავად ინვესტორს. არათანაბარი დაფინანსება არის ძირითადი მიზეზი რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო ბათუმის, ქობულეთის, ქედის კლუბებზე, მაგრამ ყველა კლუბი ერთნაირ პირობებში უნდა იყოს. ჩვენ სახელმწიფოს ხაზინაში ვიხდით თანხებს და ამ თანხებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო კლუბები” – განაცხადა ილია კოკიამ “არენასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“მაგალითად საფრანგეთი - განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანა კერძო კლუბს საშემოსავლო გადასახადს არ ახდევინებს. ეს თანხები კლუბს ედება ვალად იმ დრომდე, ვიდრე კლუბი გახდება მომგებიანი, შემდეგ კი სახელმწიფო თანხებს მიიღებს მოგებიდან. ჩვენ ეს ყველაფერი კისერზე გვაწევს. ამას გარდა, კისერზე გვაწევს ინფრასტრუქტურული ხარჯები. ინფრასტრუქტურა უნდა შექმნა, მისი გადასახადების დაფარვა კი ისევ და ისევ კერძო ინვესტორს უწევს.
“გამგეობასთან არაერთი შეხვედრა იყო. შარშან მათ 300 000 ლარით უნდა დაეფინანსებინათ კლუბი, მაგრამ ასე არ მოხდა. მათ მხოლოდ 100 000 ლარი გამონახეს. წელს მე გავაფრთხილე, რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა. ეს იყო შეუძლებელი. პირველი ნახევარი გუნდმა ასე თუ ისე ჩაატარა, მე ვაფინანსებდი კლუბს, მეორე ნახევარში კი დაფინანსება შევწყვიტე, სანამ გადაწყდებოდა დაფინანსების საკითხი.
“ვერ ჩამოვთვლი იმ მიზეზებს, რასაც დღესაც გამგეობის წევრები იგონებენ. მათი ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ კლუბს აქვს ვალები. იქნებ დამისახელოთ მსოფლიოში რომელ კლუბს არა აქვს ვალი? მით უმეტეს საქართველოში? გამგეობას მივეცი გარანტიის წერილი, თუ კი სახელმწიფო გამოყოფდა დაფინანსებას, კლუბის ვალები მხოლოდ ჩემი პრობლემა იქნებოდა. ამის შემდეგ მოითხოვეს ვალების კაპიტალიზაცია და ესეც გავაკეთეთ. ყველაფერზე წავედი, მაგრამ როცა ვსვამ კონკრეტულ კითხვას, როდის? როდის მოხდება ტრანზაქცია?ვერავინ ვერ მცემს პასუხს.
“ამ ყველაფრის შემდეგ ვიგებ, რომ ზესტაფონში არის გუნდი, რომელიც მეორე ლიგაში თამაშობს, ფინანსდება 80 000 ლარით და სავარჯიშოდ ჩემს ბაზებს იყენებს. სქემაც იყო შემოშავებული თუ დაიშლებოდა “ზესტაფონი”, იმ ფულს ამ კლუბისთვის გამოიყენებდნენ. ჩემთვის ეს იყო ბოლო წერტილია. ესეიგი ეს ხალხი თავიანთ პირად ინტერესებს, საქმეზე მაღლა აყენებს.
როდესაც მე მიკავშირდებიან ზესტაფონელები, მე ვეუბნები, რომ თქვენი ერთადერთი გზა არის ამ ხალხის გადარჩევა. ამას წინათ გამგეობაში სასწრაფო-საგანგებო სხდომა შეიკრიბა, რომ გადაეწყვიტათ “ზესტაფონის” ამბავი. მათ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება, გაიორმაგეს პრემიები. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს” – დაასრულა ილია კოკაიამ.
ასევე გეტყვით, რომ “ზესტაფონში” არსებული მძიმე ვითარების გამო ქალაქის გამგეობასთან კლუბის გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. დღეს კი საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა და “ზესტაფონს” დაფინანსებზე ისევ უარი უთხრეს.