ჭადრაკი

17:34 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ერთპიროვნული ლიდერია

ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ამ ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევდა ლიდერთა შორის მყოფი საქართველო-პოლონეთის შეხვედრა, რომლებსაც 3-3 ქულა ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ შეხვედრაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე სათადარიგო მოთამაშე მერი არაბიძე დაასვენა. ყველაზე დიდხანს პირველ დაფაზე მოასპარეზე ხოტენაშვილი (2513) – სოჩკოს (2463) შეხვედრა გაგრძელდა. იმ დროისთვის ანგარიში 2-1 იყო საქართველოს სასარგებლოდ. ბაციაშვილმა (2473) მოუგო ჰოროვსკა-შჩეპოვსკას (2414), ხოლო ჯავახიშვილი (2481) – ზავატკასა (2422) და მელია (2459) – ბარტელის (2350) პარტიები ყაიმით დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ხოტენაშვილს შეხვედრის მოსაგებას სოჩკოსთან ყაიმიც ჰყოფნიდა. ბოლო შეხვედრაში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც საქართველოს ნაკრებს აწყობდა. პირველ დაფაზე მოასპარეზე ხოტენაშვილი და სოჩკო ყაიმზე შეთანხმდნენ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 2,5-1,5 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი, 5 ქულა დააგროვა და 3 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერია. ამ ტურში ყველაზე დიდხანს ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და სვამინატან სუმიას (ინდოეთი) შეხვედრა გაგრძელდა რომელმაც 5 საათსა და 30 წუთზე მეტს გასტანა. ამ მოჭადრაკეების შეხვედრამდე 2-1 იყო ინდოეთის სასარგებლოდ. მართალია სუმიას ინდოეთის ნაკრებისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად ყაიმიც ყოფნიდა, მაგრამ ჟუკოვამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და უკრაინის ნაკრები დამარცხებას გადაარჩინა. ზედიზედ ორი ყაიმის შემდეგ ჩემპიონატის რეიტინგფავორიტმა რუსეთმა ჩინეთის წინააღმდეგ კარგად ითამაშა და 3-1 შეძლო გუნდის ლიდერის ჰოუ იფანის გარეშე მოასპარეზე აზიელთა დამარცხება.

მესამე ტურის ტექნიკური შედეგები.

საქართველო – პოლონეთი 2,5-1,5

უკრაინა – ინდოეთი 2-2

აშშ – ყაზახეთი 2-2

სომხეთი – ეგვიპტე 3-1

ჩინეთი – რუსეთი 1-3

მეოთხე ტურში საქართველო ყაზახეთის ნაკრებს შეხვდება.

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი.

ყაზახეთი – საქართველო

ინდოეთი – რუსეთი

ეგვიპტე – ჩინეტი

პოლონეთი – სომხეთი

უკრაინა – აშშ

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ

I საქართველო 5 ქულა

II-III აშშ, რუსეთი 4-4

IV-VIII ჩინეთი, პოლონეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა 3-3

IX ინდოეთი 2

X ეგვიპტე 0

0.124033