საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოკვეთეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ზესტაფონის" საკითხი 20 აპრილს გამართულ სხდომაზე განიხილა. კლუბს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში, სახლში გორის “დილასთან” გამოუცხადებლობის გამო, სადისციპლინო კოდექსის 90.1 მუხლის თანახმად 0:3 წაგება ჩაუთვალა, 5000 ლარით დააჯარიმა და გათამაშებიდან მოხსნა.
ამავე კოდექსის 4.34 მუხლის თანახმად, დარჩენილ მატჩებში “ზესტაფონს” 0:3 მარცხი ჩაეთვლება.
კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, “ზესტაფონის” გენერალურ დირექტორს მიხეილ ხუციშვილს, რომელიც სადისციპლინო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, შეჯიბრების დისკრედიტაციისთვის და მონაწილეების დისკრედიტაციისთვის ერთწლიანი პირობითი სასჯელი დაეკისრა.
“ზესტაფონს” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს.