ლანჩხუთში გამართული შეხვედრა ,,გურიასა” და ქუთაისის ,,ტორპედოს” შორის ძალიან დაძაბული და სასეირო გამოდგა. ძველი მეტოქეების დაპირისპირებამ გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი მრავლად მოვიდნენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ. ასამდე ერთგული და ომახიანი ფანი ჩამოჰყვა სტუმართა გუნდსაც.
მატჩი მოულოდნელად დაიწყო. მოედნის ცენტრიდან ბურთის გათამაშებისთანავე ჭელიძემ გრძელი გადაცემით მეკარის პირისპირ გაიყვანა კირკიტაძე. მასპინძლები მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ, კირკიტაძემ მეტოქის დაბნეულობით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით გურულთა კარის ბადე შეარხია - 0:1.
https://www.youtube.com/watch?v=lSqOVlAfGJA
ამ დროს წამზომის ისარი მერვე დანაყოფს უახლოვდებოდა. მატჩზე დამსწრე სპეციალისტების აზრით, ტორპედოელებმა ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები აირივნენ და შეხვედრა რიონისპირელთა უპირატესობით გაგრძელდა. ქუთათურები მოედნის ცენტრს საფუძვლიანად დაეუფლნენ და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. მათგან განსაკუთრებით გამოსარჩევი ტორპედოელთა ახალწვეულის, პუხაევის საჯარიმო დარტყმა გახლდათ, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს.
ტაიმის შუაწელიდან თამაში გათანაბრდა. მეტოქის კარისკენ მასპინძლებმაც გაიხედეს. ანგარიშის გაქვითვის კარგი შესაძლებლობა პირველად მოსიაშვილს მიეცა, რომელმაც შალამბერიძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე მცველებს დაასწრო, მაღალ ნახტომში თავით დაარტყა. მაგრამ. შეყრილაძემ ადგილი სწორად შეარჩია და ხიფათი განმუხტა.
34-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი ბენაშვილს მიეცა. მჭედლიშვილის დიაგონალური გადაცემის შემდეგ იგი შეუჩერებლივ ურტყამდა საჯარიმოს კუთხიდან, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს სახიფათოდ. კოშკაძის გადაცემის შემდეგ შალამბერიძე ბურთს საჯარიმოს კუთხესთან დაეუფლა და მოჭრილი დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. შეყრილაძე ამჯერადაც უშეცდომოდ გაისარჯა და სიტუაცია განმუხტა.
შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩის განახლებისთანავე ტორპედოელებმა მწვავედ შეუტიეს. ჭელიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ კირკიტაძე მეკარის პირისპირ გადიოდა, მაგრამ გოგუაძემ კარი დროულად დატოვა და ხიფათი განმუხტა, თუმცა დროებით. მეკარისგან მოგერიებულ ბურთს ისევ ქუთათურები დაეუფლნენ და შეტევა გააგრძელეს, დამამთავრებელ ფაზაში კი ტუღუში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. ბექას პირდაპირ კარში დარტყმა მართებდა, მაგრამ მან რატომღაც მცველის მოტყუება მოინდომა, რაც ვერ მოახერხა და საგოლე შანსი გაანიავა.
გურულთა საპასუხო შეტევა საკმაოდ სახიფათო გამოდგა. კოშკაძის გადაცემის შემდეგ ბენაშვილი ურტყამდა საჯარიმოს ხაზიდან. ადამაძე ბურთს ჩაუწვა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა. ამ მომენტს მცირე ინციდენტი მოჰყვა. მასპინძლები თვლიდნენ, რომ ტორპედოელთა მცველს ბურთი ხელზე შეეხო და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მატჩზე დამსწრე ლანჩხუთლთა ქომაგები გაანაწყენა.
გურულთა მონდომებამ შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო. კარგად ითამაშა შეტევაში ჩართულმა მჭედლიშვილმა, რომელმაც მახვილგონივრული გადაცემით ისიანი ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა თანაგუნდელები არ გააწბილა და ზუსტი დარტყმით შეყრილაძე უსაქმოდ დატოვა - 1:1.
სამ წუთში მასპინძლებს დაწინაურება შეეძლოთ. ზოზულიას დიაგონალური გადაცემის შემდეგ შალამბერიძე ცდილობდა მახვილი კუთხიდან თავის გამოჩენას, მაგრამ მისი მოჭრილი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
მალე ისიანს შეეძლო დუბლი მიეთვალა. ბენაშვილმა მარჯვენა ფლანგზე თავისი მეურვე ჩამოიტოვა და საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელისკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. ვილი ნახევარბრუნში ცდილობდა დარტყმას, თუმცა ბურთს ფეხი ააცილა და მომენტიც დაიკარგა.
მატჩის უკანასკნელი წუთები ძალიან თვალსასეირო გამოდგა. ფრე არც ერთ გუნდს აწყობდა და ორივემ მთელი ძალები შეტევაში გადაისროლა. ღია თამაში გაჩაღდა და სახიფათო მომენტები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კირკიტაძის და ისიანის დარტყმები გახლდათ, რომლებიც ხარიხამ აისხლიტა.
შეხვედრის ბოლოსკენ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და მატჩის უკანასკნელი აკორდი რიონისპირელთა უპირატესობით წარიმართა. ამაში ძალიან დიდი როლი შეცვლზე შესულმა ბაბუნაშვილმა ითამაშა, რომელმაც ტორპედოელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
86-ე წუთზე ჭელიძემ მეტოქეს ბურთი აართვა და მოედნის ცენტრში ბაბუნაშვილს გადააწოდა. ქუთათურთა ვეტერანმა იმავე ჭელიძესთან ,,კედელი” გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარში დარტყმას ბევრად უკეთეს პოზიციაში მყოფ ქიმაძისთვის პასი ამჯობინა. ტორპედოელთა მარცხენა მცველს ხელს არავინ უშლიდა და ცარიელ კარში ბურთი მშვიდად შეაგორა - 1:2.
რიონისპირელთა გატანილ გოლს მასპინძლების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულ მომენტში მოედნის გაზონზე ზოზულია იწვა და გურულები თვლიდნენ, რომ მსაჯს თამაში უნდა გაეჩერებინა. მართალია სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა, მაგრამ ლანჩხუთლები მთლიანად აირივნენ და ორ წუთში კიდევ ერთხელ დაისაჯნენ. ბაბუნაშვილის იდეალური გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული კვარაცხელია მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და გამოზომილი დარტყმით გურულთა კარის ბადე უპრობლემოდ შეარხია - 1:3.
ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც გურულთა პირველი საშინაო მარცხი დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
თემურ ლორია (,,გურია”) - ,,მატჩის დასაწყისშივე კურიოზული გოლი მივიღეთ და ანგარიშის გათანაბრებას დიდი ენერგია შევალიეთ. რეალური მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მოგებაც შეგვეძლო. რაც შეეხება ჩვენს კარში გატანილ მეორე ბურთს, ჩემს ფეხბურთელებს ვუსაყვედურე. მართალია ზოზულია ტრავმირებული იყო, მაგრამ მსაჯის სასტვენის მოლოდინში არ უნდა გაჩერებულიყვნენ და ბოლომდე უნდა ებრძოლათ.”
გია მეგრელაძე (,,ტორპედო”) - ,,საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას. იმედი მაქვს ჩვენი წარმატებული თამაში მომავალშიც გაგრძელდება.”
,,გურია” (ლანჩხუთი) – ,,ტორპედო” (ქუთაისი) 1:3 (0:1)
19 აპრილი. 16.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე.’’ 2500 მაყურებელი.
,,გურია”: მ. გოგუაძე, ბ. ცინცაძე (გოგიაშვილი 8), ე. კილაძე, მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ზოზულია, კოშკაძე (კ), მოსიაშვილი (მათიაშვილი 83), შალამბერიძე, ბენაშვილი, წილოსანი (ისიანი 65);
მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია
,,ტორპედო”: შეყრილაძე, ადამაძე (კ), მირცხულავა, კლიმიაშვილი (ბაბუნაშვილი 83), კირკიტაძე, ქიმაძე, კანკია, პუხაევი (მამასახლისი 46), ზ. ჭელიძე, კვერნაძე (ვ. კვარაცხელია 60), ბ. ტუღუში;
მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 0:1 კირკიტაძე (1), 1:1 ისიანი (74), 1:2 ქიმაძე (86), 1:3 ვ. კვარაცხელია (88);
გაფრთხილება: პუხაევი (26), კანკია (76), ბენაშვილი (87);
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი;
1. | დინამო თბილისი | 24 | 14 | 5 | 5 | 40:20 | 47 | |
2. | დინამო ბათუმი | 24 | 14 | 3 | 7 | 31:21 | 45 | |
3. | დილა | 23 | 13 | 6 | 4 | 34:18 | 45 | |
4. | სამტრედია | 24 | 12 | 4 | 8 | 32:21 | 40 | |
5. | ცხინვალი | 24 | 12 | 3 | 9 | 28:30 | 39 | |
6. | ჩიხურა | 24 | 10 | 6 | 8 | 32:28 | 36 | |
7. | შუქურა | 24 | 9 | 7 | 8 | 29:27 | 34 | |
8. | ტორპედო | 24 | 8 | 10 | 6 | 31:25 | 34 | |
9. | გურია | 24 | 8 | 8 | 8 | 24:33 | 32 | |
10. | კოლხეთი | 24 | 7 | 8 | 9 | 23:27 | 29 | |
11. | ზუგდიდი | 24 | 7 | 7 | 10 | 18:28 | 28 | |
12. | ზესტაფონი | 23 | 6 | 8 | 9 | 40:40 | 26 | |
13. | მერანი | 24 | 6 | 8 | 10 | 17:24 | 26 | |
14. | მეტალურგი | 24 | 6 | 6 | 12 | 22:30 | 24 | |
15. | სიონი | 24 | 6 | 5 | 13 | 22:36 | 23 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 24 | 4 | 4 | 16 | 21:36 | 16 |