ფეხბურთი

0:29 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის დუბლი ერედივიზიონში

ჰოლანდიის ერედივიზიონის 31-ე ტურში “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა “დორდრეხტი.” სასიხარულოა, რომ გამარჯვებულთაგან დუბლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა შეასრულა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი იბარამ დააფიქსირა. ქართველმა ფეხბურთელმა 52-ე წუთზე ვეჟინოვიჩის პასით ანგარიში გახსნა, 65-ე წუთზე კი ტრაორეს პასით სხვაობა ორამდე გაზარდა. ყაზაიშვილის მსგავსად სრულად ჩაატარა მატჩი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც 59-ე წუთზე გააფრთხილეს. ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” 54 ქულით მე-4 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკმა” გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა სარანსკის “მორდოვია.” მოსკოვური გუნდის განაცხადში მყოფ ჯანო ანანიძეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “სპარტაკი” 39 ქულით მე-6 ადგილზეა.

ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა “ურალი.” სოლომონ კვირკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა, მამუკა კობახიძე კი 89-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ყაზანელები 43 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ.

ჩეხეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ჟილჰავამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა პრაღის “სლავია.” პრაღელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლევან ყენია, რომელმაც მინდორი 77-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად თამაშში დიოპი ჩაერთო, რომელმაც მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა. ჩეხეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 25 ქულით მე-13 ადგილზეა.

რუმინეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “კლუჟი” საკუთარ მოედანზე “ტირგუ მურეშს” დაუზავდა - 2:2. მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ჭანტურია. რუმინეთის ლიგა 1-ში “კლუჟი” 19 ქულით მე-17 ადგილზეა და მხოლოდ “ოცელულს” უსწრებს.

უკრაინის ჩემპიონატის მე-20 ტურში დონეცკის “შახტარმა” სტუმრად 4:1 დაამარცხა ლუგანსკის “ზორია.” ლუგანსკელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ. “ზორია” 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მესამეზე მყოფ “დნიპროს” კი ათი ქულით ჩამორჩება.

0.128659