ფეხბურთი

23:13 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" "აეკს" მოუგო, "კარპატში" დაუშვილი გამოჩნდა

კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის 27-ე ტურის მატჩში “ანორთოსისმა” შინ 3:0 დაამარცხა ლარნაკას “აეკი.” გოლები ედეს, გონშალვესისა და ავრაამის ანგარიშზეა. ფამაგუსტელთაგან მატჩი სრულად ჩაატარეს ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ. მთავარმა არბიტრმა 33-ე წუთზე აბურჯანია გააფრთხილა.

უჩა ლობჟანიძის “ომონიამ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “აპოლონი.” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “ანორთოსისი” 47 ქულით მე-5 ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ “ომონიას” 2 ქულით ჩამორჩება.

უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბუდაპეშტის “მტკ-მ” შინ 2:1 დაამარცხა “გიორ ეტო.” სტუმართა განაცხადში არ იმყოფებოდა ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია.

“სპარტაკუსისა” და “კეჩკემეტის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ მოედანზე დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი გამოჩნდნენ. 71-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა არზიანი გააფრთხილა. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “გიორ ეტო” 29 ქულით მე-9 ადგილზეა, “სპარტაკუსი” კი 26 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

სერბეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ვოივოდინამ” გასვლით მატჩში 1:0 დაამარცხა “ნოვი პაზარი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში კვლავ არ უთამაშია დავით კოხიას. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-20 ტურში “მეტალისტმა” ლვოვის “კარპატს” უმასპინძლა. მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუამ “კარპატის” შემადგენლობაში სრულად ითამაშა, მისი თანაგუნდელი ბუბა დაუშვილი კი 71-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. უკრაინის 14 გუნდიან პრემიერლიგაში “კარპატი” 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

ბელგიის ჩემპიონატში ევროპალიგის ზონისთვის მებრძოლი კლუბების “მეხელენისა” და “გენკის” დაპირისპირება შედგა. ალექს მაკლიშის გუნდმა გასვლით მატჩში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა. თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია დამარცხებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ.

გერმანიის მესამე ლიგის 33-ე ტურში “უნტერჰაჰინგმა” შინ 2:1 დაამარცხა როსტოკის “ჰანზა.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელმაც მინდორი 88-ე წუთზე დატოვა. გერმანიის 20 გუნდიან ჩემპიონატში “უნტერჰაჰინგი” 32 ქულით მე-18 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

თურქეთის სუპერლიგის 27-ე ტურში “ბეშიქთაშმა” სტუმრად 5:1 გაანადგურა “ქასიმფაშა.” საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი მასპინძელთა განაცხადში მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. თურქეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 29 ქულით მე-13 ადგილზეა.

0.11582