სხვა

13:34 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგია ბრინჯაოთი დაბრუნდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ საერთაშორისო არენაზე დაბრუნებულმა დავით გოგიამ 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში მესამე შედეგი აჩვენა და მცირე ბრინჯაოს დაეუფლა.

ქართველმა ძალოსანმა პირველ მოძრაობაში საწყის წონად 177 კილოგრამი შეუკვეთა, მაგრამ შტანგა მხოლოდ მეორე მისვლით დაიმორჩილა. მესამე ცდაზე კი 181 კილოგრამი აიტაცა. მასზე მეტი ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა პოლონელმა ბარტლომეი ბონკმა ასწია – 185 კილოგრამი. მცირე ვერცხლის მომგებ რუს გენადი მურატოვს კი დავით გოგია 2 კილოგრამით ჩამორჩა.

ატაცი საქართველოს ნაკრების წევრმა 210 კილოგრამით და წარმატებული ცდით გახსნა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო – მომდევნო ორ ცდაზე 216-კილოგრამიან შტანგას ვერ მოერია და აკვრაშიც და ორჭიდის ჯამშიც მე-9 ადგილს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონი ბონკი გახდა, 408 (185+223) კილოგრამით. მეორე ადგილზე გასულმა მოლდოველმა ანდრიან ზბირნეამ 399 (177+222) კილოგრამი დააგროვა, ასევე 399 (172+227) ასწია ბრინჯაოსანმა – კიდევ ერთმა პოლონელმა არკადიუშ მიხალსკიმ, რომელიც ვერცხლის პრიზიორს მხოლოდ პირადი წონით ჩამორჩა, თუმცა აკვრაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

105 კილოგრამში საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში გია მაჭავარიანიც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე მოძრაობაში ერთი ცდაც ვერ გამოიყენა და ტურნირი უქულოდ ჩაამთავრა. მაჭავარიანის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ფეხის ტრავმაც იყო, რომლის გამოც მეორე მოძრაობაში ფიცარნაგზე გასვლა ვეღარ შეძლო.

ევროპირველობაზე მედლების ბოლო კომპლექტი მამაკაცთა შორის +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ა ჯგუფის წევრები, მათ შორის ირაკლი თურმანიძეც, საქმეში 17 საათიდან ჩაებმებიან. ბ ჯგუფი კი უკვე დაინომრა და გიორგი ჩხეიძემ 7 კონკურენტთან ბრძოლაში მე-4 ადგილი დაიკავა.

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი

18 აპრილი

მამაკაცები

105 კგ

1 ბართლომეი ბონკი (პოლონეთი) 408 კგ (185+223)

2 ანდრიან ზბირნეა (მოლდოვა) 399 კგ (177+222)

3 არკადიუშ მიხალსკი (პოლონეთი) 399 კგ (172+227)

9 დავით გოგია (საქართველო) 391 კგ (181+210)

0.12797