მადრიდის “ატლეტიკოს” ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურში, დღეს საღამოს ლა კორუნიაში “დეპორტივოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მიზეზი ტრავმაა, რომელიც ხორვატიის ეროვნული გუნდის 28 წლის მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, მადრიდის “რეალთან” თამაშისას მიიღო და ამ მიზეზით გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.
კლუბის ექიმები ირწმუნებიან, რომ მარიოს ტრავმა სერიოზული არაა და “დეპორტივოსთან” ის მხოლოდ სიფრთხილის გამო არ თამაშობს. დღევანდელ თამაშს გამოტოვებს მარიო სუარესიც, რომელსაც საზარდული აწუხებს.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში მანჯუკიჩმა 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.