ფეხბურთი

2:56 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” VS პსჟ – დეტალები, ფაქტები, სტატისტიკა

კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში ლამის უკვე გაინაღდა. “ბლაუგრანამ” შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე პსჟ-ს მისსავე მოედანზე ორბურთიანი უპირატესობით აჯობა და ახლა დღეს გასამართ განმეორებით შეხვედრას მშვიდად ხვდება.

პსჟ-ს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ნამდვილი სასწაულის მოხდენა დასჭირდება. “პარკ დე პრენსზე” მათ ბოლო 34 მატჩიდან, რომელიც ევროტურინირებზე გამართეს პირველად წააგეს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთ ქვეჯგუფშიც იმყოფებოდნენ. 10 დეკემებრს “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის შემდეგ გატანა ლიონელ მესიმ, ნეიმარმა და ლუის სუარესმაც მოახერხეს. ამ გამარჯვებით კატალონიელებმა ფრანგებს ორი ქულით გაასწრეს და ჯგუფში იპირველეს.

მანამდე, მეორე ტურში, პარიზში პსჟ-ს მოეგო – 3:2. დავიდ ლუიზმა მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ მესიმ გაათანაბრა. მარკო ვერატიმ თავისიანები კიდევ ერთხელ წინ გაიყვანა. მატჩის ბოლოს კი გოლები ბლეზ მატუიდიმ და ნეიმარმა გაცვალეს.

ოთხშაბათს ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. 2012-2013 წლების სეზონში, ამავე ეტაპზე ამ გუნდთა ორივე მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2, 1:1. “ბარსა” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა. “კამპ ნოუზე”, 2013 წლის 10 აპრილს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, პიკე, ადრიანო (ბარტრა 62), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ვილა (სონგი 84), ფაბრეგასი (მესი 62), პედრო

“პარი სენ ჟერმენი”: სირიგუ, ჟალე (ვან დერ ვილი 88), ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, ვერატი (ბექჰემი 83), ტიაგო მოტა, ლუკას მოურა, პასტორე, ლავეცი (გამეირო 81), იბრაჰიმოვიჩი

1994-1995 წლების სეზონში პსჟ-მ “ბარსელონას” ორი მატჩის ჯამში 3:2 აჯობა. 1:1 დასრულდა მატჩი ესპანეთში, ხოლო პარიზში, თამაშის ბოლო 18 წუთში რაისა და გუერინის გოლებით მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

გასული წლის 10 დეკემბერს “ბარსელონამ” პსჟ-ს შვიდი ცდიდან მეორედ მოუგო. მანამდე “ბლაუგრანას” 1997 წლის უეფას თასის ფინალში მოეგო, როცა ბრაზილიელი რონალდოს ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. იმ გუნდში ლუის ენრიკე და ლორან ბლანი თანაგუნდელები იყვნენ.

ფაქტები

“ბარსელონა”

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 31 საშინაო მატჩიდან მოხლოდ ერთი წაგება აქვს. 24 თამაშში კი გამარჯვებული გამოვიდა. ბოლო 9 თამაშიდან, რომელიც “კამპ ნოუზე” შედგა “ბლაუგრანამ” 8-ჯერ იმარჯვა (1 ფრე).

ფრანგული გუნდების წინააღმდეგ “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” 6 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხი აქვს ატივში.

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ იმყოფება, რაც რეკორდია. გასულ წელს კი ნახევარფინალში მიჯრით მეშვიდედ შეეძლო, მაგრამ მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდა (1:1, 0:1).

“ბარსელონა” მას შემდეგ, რაც სტუმრად მოიგო, მომდევნო ეტაპზე 34-ჯერ გავიდა. წარუმატებელად მათთვის მხოლოდ 2 მცდელობა გახლდათ. 1980-1981 წლების სეზონში, “კიოლნთან” გასვლაზე მოგებული 1:0-ის შემდეგ კატალონიაში 0:4 განადგურდა, ხოლო ხუთი წლის მერე, ფრანგულ “მეცთან” საფრანგეთში მოგებული თამაშის – 4:2 შემდეგ, შინ 1:4 დამარცხდა.

“ბარსელონას” ევროტურნირებზე ექვსი პენალტების სერიიდან 5 მოგებული აქვს.

“პარი სენ ჟერმენი”

“ჩელსისთან” სტუმრად ნათამაშები 2:2-ის ჩათვლით, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 საგარეო მატჩში მხოლოდ 3 მარცხი აქვს განცდილი. აქედან 7-ჯერ პარიზელებმა მოიგეს.

პსჟ-ს ესპანურ გუნდებთან სტუმრად ჩატარებული მატჩებიდან 4 გამარჯვება, 3 ფრე და 4 მარცხი უმაგრებს ზურგს. ბოლოს მათ “ვალენსიას” აჯობეს “მესტალიაზე” ეზეკიელ ლავეცისა და ხავიერ პასტორეს გოლებით – 2:1.

პსჟ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლოს 1994-1995 წლების სეზონში იყო. მაშინ მეოთხედფინალში სწორედ “ბარსას” ბაირიერი გაიარა. ბოლო ორ სეზონში კი ლორან ბლანის გუნდის საჩემპიონთა ლიგო მოღვაწეობა 1/4 ფინალში სრულდება.

“პარი სენ ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სამჯერ წააგო და სამჯერვე გამოეთიშა ასპარეზობას. 1985 წელს უნგრულ “ვიდეოტონთან” (2:4, 0:2), 1990 წელს “იუვენტუსთან” (0:1, 1:2) და 1995 წელს “მილანთან” (0:1, 0:2).

პსჟ-ს ევროტურნირებზე პენალტების სერიაში ერთდერთხელ უთამაშია. უეფას თასზე, 2001-2002 წლების სეზონში ფრანგებმა მატჩის შემდგომ საფეხბურთო ლატარიაში შოტლანდიურ “რეინჯერსთან” წააგეს.

მწვრთნელები და ფეხბურთელები

ლორან ბლანი და ლუის ენრიკე “ბარსელონას” ღირსებას 1996-1997 წლებში იცავდნენ.

“რეალის” მაისურით ლუის ენრიკეს პსჟ ორჯერ ჰყავს დამარცხებული - უეფას თასის მეოთხედფინალში, 1992-2993 წლების სეზონში და ერთი წლის თავზე თასების თასის იმავე ეტაპზე.

ლორან ბლანი იმ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 2:0 მოუგო. “ფურიე როხას” ღირსებას კი იმ დღეს ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ხერარდ პიკე, ჩავი, ანდრეს ინიესტა და პედრო როდრიგესი იცავდნენ.

პსჟს ფეხბურთელი ტიაგო მოტა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია. “ბლაუგრანას” მაისურით მან პრიმერადივიზიონში 96 მატჩი გამართა და 6 გოლიც გაიტანა. 2006 წელს “არსენალთან” მოგებული ფინალისას კი სათადარიგო სკმაზე იმყოფებოდა.

ბრაზილიელი მაქსველი ძველად “ბარსელონაში” ირჯებოდა. ესპანურ ლა ლიგაში მას 57-ჯერ უთამაშია (2009-2012 წლებში).

2011-2012 წლების სეზონში “მილანის” მაისურით პარიზელთა კაპიტანს ტიაგო სილვას “ბარსელონას” კარი აუღია. ამის გაკეთება ბრაზილიელმა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მოახერხა და შეხვედრაც ფრედ, - 2:2 დასრულდა.

დუგლას პერეირა და ლუკას მოურა “სან პაულუში” თანაგუნდელები იყვნენ.

ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა

გატანილი გოლი: “ბარსელონა” 21 – “პარი სენ ჟერმენი” 14

ბურთის ფლობა: 63% - 49%

კარისკენ დარტყმები (ჯამური რაოდენობა): 144 – 111

კარში დარტყმები: 54 – 43

კარისკენ დარტყმები (არაზუსტი): 55 – 41

დაბლოკილი დარტყმები: 35 – 27

ძელი (ხარიხა): 6 – 2

კუთხურები: 48 – 50

თამაშგარე: 22 – 23

გაფრთხიელება: 14 – 13

გაძევება: 1 – 1

0.16083