ლანჩხუთის ყოფილი გამგებელის გია გოგუაძის განცხადებით, საფეხბურთო კლუბ “გურიაში” 161 ადამიანია დასაქმებული, რომლებზეც თვეში ხელფასის სახით 110 000 ლარზე მეტი გაიცემა.
“გურიაში” 161 ადამიანია დასაქმებული, აქედან 42 ფეხბურთელია, დავუმატოთ პერსონალი და მწვრთნელები 30 ადამიანი, იქ სტადიონის მომსახურე პერსონალი, ადმინისტრაცია და მაქსიმუმ 100 კაცამდე ავიდეს. არადა, 161 კაცზეა ხელშეკრულება და გაიცემა ხელფასი. ერთი თვის სახელფასო თანხა 110 ათას ლარზე მეტია” _ თქვა გოგუაძემ, რომელმაც პრესკონფერენცია ლანჩხუთის კიდევ ერთ ყოფილ გამგებელ კახა ასკურავასთან ერთად გამართა.
გოგუაძესა და ასკურავას “გურიამ” თავის “ფეისბუქზე” განცხადებით უპასუხა:
“როგორც მედია-საშუალებებიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლანჩხუთის ყოფილი გამგებლების, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების გია გოგუაძისა და კახა ასკურავას მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „გურიასთან“ დაკავშირებით, რომელიც მთლიანად არის დეზინფორმაციული ხასიათის და მიზანმიმართული კამპანიაა კლუბისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.
კლუბში რეალურად დასაქმებულია 87 ადამიანი, რაც იმ რაოდენობაზეც ცოტაა, რასაც ბატონი გოგუაძე დასაშვებად მიიჩნევს. ამას გარდა, მიმდინარეობს შტატების ოპტიმიზაცია და ყველა თანამშრომელს მიეცა შესაბამისი გაფრთხილება. ამის შემდეგ ილაპარაკო გაბერილ შტატებზე, უბრალოდ, სირცხვილია!
ერთი თვის სახელფასო ფონდი “110 ათასზე მეტია”-ს ნაცვლად, რეალურად, 73556 ლარია, რომელსაც 87 თანამშრომელი ხელზე იღებს ანუ თანხა დასახელებულზე 36 444 ლარით ნაკლებია.
რაც შეეხება სამი დირექტორის არსებობას, აღმასრულებელი, სპორტული და ფინანსური დირექტორები რომ უნდა ჰყავდეს საფეხბურთო კლუბს, ეს გია გოგუაძემაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მაინც ცდილობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კლუბი მეტი განცხადების გაკეთებას აღარ აპირებს. საზოგადოებამ ისედაც კარგად უწყის, ვინ ვინ არის და ვისი გამგებლობის დროს მოხდა ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის დანგრევა! ამის შემდეგ კი, უბრალოდ, მინიმუმ უხერხულია, სხვისი დადანაშაულება ისეთ საქმეში, რაც მას არ ჩაუდენია”.