ფეხბურთი

12:04 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე ნომინირებულთა სია ცნობილია

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის და ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულზე საბრძოლველად 6-6 ფეხბურთელია ნომინირებული.

პრემიერლიგის 2014/15 წლების საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის შემდეგი მოთამაშეები იბრძოლებენ: ედენ აზარი, დიეგო კოშტა (ორივე ლონდონის “ჩელსი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ალექსის სანჩესი (ლონდონის “არსენალი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”).

ედენ აზარი, ჰარი კეინი, ფილიპე კოუტინიო, რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”), დავიდ დე ხეა და ტიბო კურტუა (“ჩელსი”) კი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

როგორც ვხედავთ აზარი, კეინი, კოუტინიო და დე ხეა ორივე ნომინაციაში არიან წარდგენილნი. ბელგიელი ფეხბურთელი გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე კი “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “ბარსელონაში” მოასპარეზე ურუგვაელი ლუის სუარესი გახდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოშტა პრემიელიგაში პირველ სეზონს ატარებს და საკმაოდ პროდუქტიულადაც: 24 მატჩი, 19 გოლი, 3 საგოლე გადაცემა. ჩილელი ალექსის სანჩესის მონაგარი 29 მატჩი 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ინგლისელი ჰარი კეინი “ტოტენჰემში” დიდებულ სეზონს ატარებს. 21 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 28 შეხვედრა გამართა, გაიტანა 19 გოლი და 4-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა. ბრაზილიელ კოუტინიოს 29 მატჩში 4-4 გოლი და საგოლე გადაცემა მოუგროვდა. ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ 32 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაუშვა, ხოლო 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულზე ნომინირებულ მოთამაშეებს რაც შეეხება, აზარის, დე ხეას, კოუტინიოსა და კეინის მონაგარზე უკვე მოგახსენეთ, დარჩენილი ორი ფეხბურთელის აქტივობა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

რაჰიმ სტერლინგი: 30 მატჩი, 7 გოლი, 8 საგოლე გადაცემა

ტიბო კურტუა: 27 მატჩი, 26 გაშვებული გოლი, 10 უგოლო მატჩი.

პრემიერლიგის დასრულებამდე ბელგიელ მეკარეს 7 მატჩის გამართვა დარჩა, ხოლო დანარჩენ ფეხბურთელებს - 6-6 შეხვედრის. ინგლისის ჩემპიონატი 24 მაისს დასრულდება.

0.187789