მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ათენის “პანათინაიკოსთან” მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და ევროლიგის “ოთხთა ფინალისკენ” დიდი ნაბიჯი გადადგა.
მოსკოველებმა ბერძნებს პირველ შეხვედრაში 93:66 სძლიეს, მეორეში კი მეტოქე 100:80 დაამარცხეს. ქართველი კალათბურთელი საწყისი თამაშის მსგავსად, სარგებლიანი გახლდათ.
მანუმ მოედანზე 17:36 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 3-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ცსკა-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი სონი უიმსი იყო 20 ქულით, ნანდო დე კოლომ და ანდრეი კირილენკომ კი 16-16 ქულა ჩააგდეს.
სერიის მომდევნო მატჩი 20 აპრილს ათენში შედგება და თუკი მოსკოველებმა იქაც იმარჯვეს, დაპირისპირებას ვადაზე ადრე დაასრულებენ.
საჭიროების შემთხვევაში, მეოთხედფინალის მე-4 თამაში ათენშივე 22 აპრილს ჩატარდება, გადამწყვეტ მატჩს კი მოსკოვი 28 აპრილს უმასპინძლებს.