მიანმარის რანგით უმაღლესი ლიგის კლუბ “კანბავზას” მაისურით 31 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ციმაკურიძე ითამაშებს. დონეცკის “შახტარის” ყოფილ ფეხბურთელს ამ დრომდე ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია. როგორც ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, ჩემპიონატში არსებული ერთთვიანი პაუზა ბირმელთა რელიგიურმა დღესასწაულმა გამოიწვია.
“კანბავზაში” გადასვლამდე ტაილანდურ კლუბებში ვთამაშობდი. მიანმარის ჩემპიონატში კი აგენტის რჩევით მოვხვდი. როგორც ტაილანდში, ასევე მიანმარში ფეხბურთელებს საკმაოდ კარგ პირობებში უწევთ თამაში”, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
“ამ დროს მიანმარის მოსახლეობა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც წყლის ფესტივალი ეწოდება. მათთვის ახალი წელი სწორედ ამ პერიოდში დგება, ერთვიანი პაუზაც ამ ფაქტორმა გამოიწვია. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და იმედი მაქვს, ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებთ”, - დაასრულა ციმაკურიძემ.
მიანმარის ჩემპიონატში 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, ქართველი ფეხბურთელის გუნდი კი 15 ქულით მე-5 ადგილზეა.
გიორგი ციმაკურიძის პროფესიული კარიერა 2001 წელს ალჩევსკის “სტალში” დაიწყო, 2002-03 წლების სეზონი კი დონეცკის “შახტარში” გაატარა. მას ასევე უთამაშია ლუგანსკის “ზორიას”, “ჟილინას”, “დინამო თბილისში”, “ცხინვალსა” და სხვა კლუბებში. 2012 წლიდან კი ტაილანდურ კლუბებში თამაშობდა. მიმდინარე წელს კი მიანმარის ჩემპიონატში განაგრძო კარიერა.