კალათბურთი

13:47 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალია: ორჯერ საქართველო და სხვებიც

იტალიის კალათბურთის ფედერაციამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი შეიმუშავა და დაადასტურა, რომ ერთადერთი გუნდი, რომელთანაც “სკუადრა აძურა” ორ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს, საქართველოს ეროვნული ნაკრებია.

იტალიელები ევრობასკეტისთვის მზადებას 21 ივლისიდან დაიწყებენ, თვის ბოლოს კი პირველი ოთხთა ტურნირი ელით. ფოლგარიაში დაგეგილ ტრენტინოს თასზე მათი მეტოქეები მომავალ პირველობაზე ქართველთა ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ჰოლანდია (30 ივლისი), ავსტრია (31 ივლისი) და გერმანია (1 აგვისტო) იქნებიან.

აღნიშნულის შემდეგ გუნდი ტრიესტეში გადაინაცვლებს და თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადება. იტალიის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, თბილისური შეჯიბრის ვადები კიდევ დასაზუსტებელია, წინასწარი განრიგით კი, იტალიის ნაკრები 14 აგვისტოს ისრაელს ეთამაშება, 15-ში – ლატვიას, 16-ში კი – მასპინძელ საქართველოს.

სამშობლოში დაბრუნების კვალად, იტალიელი კალათბურთელები ტრიესტედან 22 კილომეტრში მდებარე სლოვენიურ ქალაქ კოპერს მიაშურებენ და 21, 22 და 23 აგვისტოს უკრაინას, ფინეთს და ჩემპიონატზე ქართველთა კიდევ ერთ მეტოქე სლოვენიას გაეჯიბრებიან.

28 აგვისტოსთვის იტალიელები ტრიესტეში იქნებიან და საქართველოს ნაკრებს მეორეჯერ ეთამაშებიან, 29-ში მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდთან მატჩია, 30-ში კი – რუსეთთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის პირველობაზე “სკუადრა აძურა” ურთულეს B ჯგუფში მოხვდა და მასპინძელი გერმანიის გარდა, ბერლინურ ეტაპზე მეტოქეებად ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი და ტურნირის დებიუტანტი ისლანდია ეყოლება.

იტალიელთათვის კარგი სიახლე ისაა, რომ საზაფხულოდ ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი დაადასტურეს “დენვერ ნაგითსის” და “ბოსტონ სელტიქსის” ფორვარდებმა დანილო გალინარიმ და ლუიჯი დატომემ. ჯერჯერობით, გაურკვეველია “სან ანტონიოს” ლეგიონერ მარკო ბელინელის ბედი, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და ახალი კონტრაქტის ძიებაში იქნება.

0.11839