არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში დასრულდა ღია საჭადრაკო პირველობა, რომელსაც 150-მდე მონაწილე ჰყავდა. მათ შორის 2 ქართველი იყო – გაიოზ ნიგალიძე (2566) და მიხეილ მჭედლიშვილი (2595).
ნიგალიძეზე ამ დღეებში ბევრი დაიწერა. გაიოზი მე-6 ტურში სომეხ ტიგრან პეტროსიანთან პარტიის მოგებას არასპორტული ხერხებით ცდილობდა და სავარაუდოა, რომ დისკვალიფიკაცია არ ასცდება. არადა, 5 ტურის თავზე ქართველ მოჭადრაკეს 4.0 ქულა ჰქონდა და ლიდერს მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, გაიოზს დარჩენილ პარტიებში წაგება ჩაეთვალა და 110-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მჭედლიშვილს, მან 5.5 ქულა მოაგროვა და 31-ე პოზიციაზე გავიდა. მიხეილს 23-ე განთესვა გააჩნდა. მან 3 პარტია მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ დასკვნით მე-9 ტურში დამარცხდა ბრაზილიელ დიდოსტატ ალექსანდერ ფიერისთან (2624).
დუბაის ტურნირის შედეგებით 7.0-7.0 ქულა ერთბაშად ექვს მოჭადრაკეს მოუგროვდა, საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა: 1. დრაგან სოლაკი (თურქეთი, 2602), 2. დავიდ ჰოუელი (ინგლისი, 2687), 3. ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2674).