ფეხბურთი

15:10 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა “დორტმუნდიდან” წასვლა მოითხოვა

გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის ზაფხულში დატოვება გადაწყვიტა და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტა სთხოვა. გერმანელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

აგრეთვე სახელდება კლოპის შემცვლელის ვინაობაც. გერმანული გრანდის თავკაცად შესაძლოა “მაინცის” ყოფილი დამრიგებელი ტომას ტუხელი დაინიშნოს. “დორტმუნდი” ჯერჯერობით აღნიშნული თემის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

მიმდინარე სეზონში 47 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი გერმანიის ჩემპიონატში უსუსურად გამოიყურება. გუნდი 28 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ “ბაიერნს” 37 ქულით ჩამორჩება.

“ბილდის” ინფორმაციით, კლოპი ახალი გუნდის მოძებნამდე პაუზას აიღებს და ფეხბურთსგან გარკვეული დროის განმავლობაში დაისვენებს.

იურგენ კლოპი “ბორუსიას” 2008 წლიდან წვრთნის და მას შემდეგ გუნდს ბუნდესლიგა ორჯერ, გერმანიის თასი ერთხელ, ხოლო სუპერთასი ორჯერ მოაგებინა. გერმანელმა სპეციალისტმა “დორტმუნდი” ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონის ფინალში გაიყვანა, თუმცა მიუნხენის “ბაიერნთან” დამარცხდა. “ბორუსიაში” ყოფნის პერიოდში კლოპი გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი 2011 და 2012 წლებში გახდა.

0.105887