კალათბურთი

14:25 | 15.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “მეტოქემ არ უნდა იგრძნოს, რომ თამაშში დაბრუნება შეუძლია”

ქართველმა კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისმა ცსკა-მ ათენის “პანათინაიკოსი” 93:66 გაანადგურა, მანუ კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

“ასეთ იოლ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით. მეორეს მხრივ, ეს ის თამაშია, რომლისკენც მივისწრაფვით. დღეს, მწვრთნელის ყველა მითითება შევასრულეთ. ახლა, მთავარია, იგივე სტილში გავაგრძელოთ და აქცენტი დაცვაში საიმედო თამაშზე გავაკეთოთ. როდესაც დაცვაში ყველაფერი რიგზეა, შეტევაშიც მეტი თავდაჯერებულობით გადავდივართ. რაც შეეხება მომავალ მატჩს, პირველ რიგში ამ თამაშის შედეგი უნდა დავივიწყოთ. ვფიქრობ, უფრო აგრესიული შეხვედრა იქნება და ფიზიკურად არ უნდა დავიჩაგროთ. მეტოქემ არ უნდა იგრძნოს, რომ თამაშში დაბრუნება შეუძლია”.

შეგახსენებთ, რომ სერიის საწყის შეხვედრაში მარკოიშვილმა მოედანზე 15:31 წუთი გაატარა და 13 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა მცველმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და შედეგიანობით მხოლოდ სერბ მილოშ ტეოდოსიჩს (18) ჩამორჩა.

მეოთხედფინალური ეტაპი სამ მოგებამდე გრძელდება და მომდევნო მატჩს 16 აპრილს ისევ მოსკოვი უმასპინძლებს. 20 აპრილს გუნდები უკვე ათენში ითამაშებენ, საჭიროების შემთხვევაში, 22-ში იქვე შედგება მე-4 მატჩიც, გადამწყვეტი შეხვედრა კი მოსკოვში 28 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.

0.112533