კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ და ფრანგებმა საკუთარი შესაძლებლობები ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ აჩვენეს.
“პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, რომელთანაც გვითამაშია. აგრეთვე არ დაგვავიწყდეს, რომ მათ მოგვიგეს, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდათ და მოვუგეთ მატჩი, როცა შვედი თამაშობდა. ასე რომ, არასდროს იცი პსჟ-სთვის რამდენად მნიშვნელოვანია დანაკლისი. სექტემბერში კარგი მატჩი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ შანსები მრავლად გვქონდა. მიმდინარე სეზონში პარიზში პსჟ-ს უკვე მეორედ ვეთამაშებით. მათ კარგი გუნდი ჰყავთ და საკუთარი შესაძლებლობები ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ წარმოაჩინეს. სანახავად კარგი მატჩი იქნება და ამავდროულად დაძაბულიც. ვფიქრობ ბევრი გოლი გავა და ვიმედოვნებ მოწინააღმდეგეზე მეტს გავიტანთ.” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა პარიზში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, ხოლო განმეორებითი მატჩი ბარსელონაში “ბლაუგრანამ” 3:1 მოიგო.