ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა ფრანგული “მონაკო”. აღნიშნულ გამარჯვებას იტალიელები დიდწილად გუნდის კაპიტან ჯანლუიჯი ბუფონს უნდა უმადლოდნენ, რომელმაც “ბებერი ქალბატონი” გაშვებული გოლისგან არაერთგზის იხსნა. ბუფონმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ამ თამაშთან დაკავშირებით.
“მატჩის დასაწყისში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოვასწორეთ. საბოლოო ჯამში კი გამარჯვება დავიმსახურეთ. დღევანდელ მოგებას ორ ადამიანს ვუძღვნი – პიერპაოლო მოროზინის (“ლივორნოს” ფეხბურთელი, რომელიც 2012 წლის 14 აპრილს თამაშის მიმდინარეობისას გარდაიცვალა – ავტ) და ფაბრიციო კუატროჩის (2004 წელს ერაყში დაღუპული იტალიელი – ავტ). ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან”, - განაცხადა ბუფონმა.
“იუვენტუსისა” და “მონაკოს” საპასუხო შეხვედრა 22 აპრილს “ლუი II”-ის სახელობის სტადიონზე გაიმართება.