რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პერევერტაილომ ინტერნეტპორტალ sportsdaily.ru-სთან განაცხადა, რომ ოთარ მარცვალაძემ გუნდი ლეგიონერების ლიმიტის გამო დატოვა.
“ოთარი ლეგიონერია, რომელთა რაოდენობა გუნდში ექვსი იყო. მას მოედანზე გასვლის საშუალება არ ჰქონდა. ის კლუბის გენერალურ სპონსორსა და მე მესაუბრა, რის შემდეგ, ეს საკითხი ყველამ ერთად გადავწყვიტეთ” – თქვა პერევერტაილომ.
- იქნებ მარცვალაძემ ახალი კლუბი უკვე მოძებნა?
- ეს არ ვიცი.
მარცვალაძის “ტოსნოდან” წასვლის მერე კლუბში 5 ლეგიონერი დარჩა, რომელთა შორის მეკარე ნუკრი რევიშვილი და მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკიც არიან. პირველი დივიზიონის რეგლამენტის თანახმად, მოედანზე გასვლის უფლება მხოლოდ სამ ლეგიონერს აქვს.