ფეხბურთი

16:57 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

თამაზ კოსტავა: “ამ გუნდის იმედი მაქვს”

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი დაძლია, 14 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამაზ კოსტავა: “მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, სამუშაო ძალიან ბევრია. შესარჩევი ეტაპის მატჩებში ბევრი მინუსი დავინახეთ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩებს, ძალიან მძიმე ბრძოლა გვქონდა ფარერებთან. მალტამ კი, ასე ვთქვათ ანდორასთან “გაისეირნა” და ჩვენთან შეხვედრაში უფრო დასვენებული იყო. მალტასთან ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. მართალია, მეტოქემ ფიზიკურად გვაჯობა, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და მოგება ჩვენც შეგვეძლო. ანდორასთან მატჩის წინ კი, ისეთი განწყობით მივდიოდით სტადიონზე, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და გვჯეროდა, ფარერები შეძლებდა მალტის დამარცხებას.

ეს წარმატება იმის დამსახურებაცაა, რომ ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდია. გოგონებმა ყველა დავალება შეასრულეს. ძალიან მონდომებულნი იყვნენ და არ მინდა, რომ ვინმემ მათი ეს წარმატება დააკნინოს. ჩემთვისაც ეს შესარჩევი გაკვეთილი იყო და მიღებული გამოცდილება ყველას გამოგვადგება. ბედნიერი ვარ, რომ ამ გოგონებთან ვმუშაობ და იმედი მაქვს, ბევრი შრომით წარმატებას მივაღწევთ.

20 აპრილს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ახლა, მთავარია ჩვენ კარგი, შეკრული გუნდი ავაშენოთ, ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ. შეიძლება, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ იქ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და გამოცდილება მივიღოთ. მე ამ გუნდის იმედი მაქვს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ძალიან დაგვეხმარა”.

ტატა მატვეევა (საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი): “პირველ ყოვლისა, მინდა ჩემს თანაგუნდელებს ასეთი თავდადებისთვის მადლობა ვუთხრა. ამ მატჩებისთვის ისეთი შემართებით ვემზადებოდით, რომ გვჯეროდა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით. ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ახლა ყველა ველოდებით 20 აპრილის წილისყრას”.

თაკო ტატუაშვილი (საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების ფეხბურთელი): “ამ ტურნირს სამი წელი ველოდებოდით. ლიტვაში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა და ახლა, მთელ იმედებს ამ შესარჩევზე ვამყარებდით. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ვეცდებით, მომავალში უფრო მეტი გავაკეთოთ.“

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 20 აპრილს გაიმართება, ხოლო საქართველო მე-5 კალათაშია.

0.139305