ფეხბურთი

14:43 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა – გამორჩეული 1/4 ფინალები

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის ჯერი დადგა. მიმდინარე წყვილებიდან ყველაზე დიდ ინტერესს კატალონიის “ბარსელონასა და “პარი სენ ჟერმენის” მატჩი იწვევს. აგრეთვე, ყურადღების ცენტრშია შარშანდელი ფინალის რიმეიქი - მადრიდული დერბი. ინტერესმოკლებული არც “პორტუ” – “ბაიერნისა” და “იუვენტუსი” – “მონაკოს” მატჩებია.

“მსოფლიო სპორტმა” მერვედფინალური ბატალიების დაწყებამდე წარმოგიდგინათ 10 ყველაზე დრამატული და დასამახსოვრებელი 1/8 ფინალური შეხვედრა. ახლა კი, 10 გამორჩეულ 1/4 ფინალს წარმოგიდგენთ.

აღსანიშნავია, რომ 10-ეულის ათვლა 2001-2002 წლების სეზონიდან იწყება და მასში ერთი სეზონიდან მხოლოდ ერთი მატჩია შესული.

“ბაიერნი” – “რეალი” 2:3 (2001-2002 წლების სეზონი. 2:1, 0:2)

მადრიდის “რეალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირება ევროპული ფეხბურთის კლასიკად ითვლება. 2001-2002 წლების სეზონში ამ გუნდთა გზები მეოთხედფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა. ორრაუნდიანი ორთაბრძოლის პირველი თამაში “ოლიმპშტადიონზე” გაიმართა და გულშემატკივართა მოლოდინი სრულად გაამართლა. მე-11 წუთზე მადრიდელები კამერუნელმა ლეგიონერმა ჯერემი ნჯიტაპიმ დააწინაურა. “ბლანკოსი” თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ... მაგრამ ჯერ, 82-ე წუთზე “რეკორდმაისტერის” ქარიზმატულმა ლიდერმა და კაპიტანმა შტეფან ეფენბერგმა გაათანაბრა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, პერუელმა კლაუდიო პიზარომ განმეორებითი შეხვედრის წინ “ბაიერნს” ერთბურთიანი უპირატესობა შეუქმნა.

საპასუხო მატჩი კი ძლიერი წვიმის თანხლებით ჩატარდა, თუმცა უამინდობას ესპანური გრანდისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია. “სამეფო კლუბი” საგრძნობი უპირატესობის გამოყენებას კარგა ხანს ვერ ახერხებდა, მაგრამ 71-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ივან ელგერამ ნანატრი გოლი შეაგდო. 85-ე წუთზე ხოსე მარია გუტის მიერ გატანილი გოლით “რეალმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შემდგომ ეტაპზე გააღწია, საბოლოოდ კი ტურნირზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

“იუვენტუსი” – “ბარსელონა” 3:2 (2002-2003 წლების სეზონი. 1:1, 2:1 დ.დ)

როდესაც “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დაწყვილდნენ, სპეციალისტებმა ფავორიტად უმალ კატალონიელები შერაცხეს. გასაკვირი ამაში არაფერი ყოფილა, რადგან მანამდე “იუვე” არადამაჯერებლად თამაშობდა და მეორე ჯგუფური ეტაპიდანაც წვალებით გავიდა. აი, “ბარსელონა” კი – პირიქით. რადომირ ანტიჩის გუნდი მეოთხედფინალამდე წაუგებლად მისულიყო. ტურინში გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მასპინძელი პაოლო მონტეროს მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლი, ხავიერ სავიოლამ 78-ზე გაქვითა.

ყველაფერი გენიალურ “კამპ ნოუზე” გადაწყდა. უგოლო და მშვიდი პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები გარდაიქმნენ. ეს უფრო მეტად ტურინელებზე ითქმოდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ჩინებულად გაისარჯა პაველ ნედვედი, რომელმაც რობერტო ბონანოს ახლო კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა. ანგარიშში ჩამორჩენილი “ბარსა” გააქტიურდა და მალევე გაათანაბრა. ჩავიმ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილ და გასაოცარ ფორმაში მყოფ ჯანლუიჯი ბუფონს საჯარიმოს მისადგომებიდან გაუტანა. თამაშის მიწურულს მარჩელო ლიპის გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. “ბებერი ქალბატონის” ნახევარდაცვის ხერხემალმა ედგარ დავიდსმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას “ბლაუგრანა” შეეცადა, თუმცა კარგად ირჯებოდნენ იტალიელი მცველები. მატჩი დამატებით დროში გადავიდა. იქ კი საბოლოო სიტყვა ურუგვაელმა მარსელო ზალაიეტამ თქვა, ვინაც ალესანდრო ბირინდელის ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა და “იუვენტუსი” მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

“მილანი” – “დეპორტივო” 4:5 (2003-2004 წლების სეზონი. 4:1, 0:4)

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული იყო “დეპორტივო” – “მილანის” ორრაუნდიანი დაპირისპირება. ტურნირის მოქმედი ტრიუმფატორი “მილანი”, კვლავაც კარგად თამაშობდა, ლიგის მოგების მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. “სან სიროზე” თავიდან “დეპორი” დაწინაურდა. ვალტერ პანდიანიმ, რომელსაც მანამდე, მერვედფინალში “იუვენტუსი” დაემწუხრებინა, იტალიური გუნდების რბევა განაგრძო. ამის შემდეგ “როსონერი” დიდ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ შავ-წითლები გადამწყვეტ მომენტებში სცოდავდნენ. ტაიმის ბოლო წუთზე კარლო ანჩელოტის გუნდმა მაინც გაათანაბრა. რიკარდო კაკამ გალისიელებს გოლი გასახდელში გააყოლა. მეორე ნახევრის საწყისი წუთები კი ლა კორუნიელთათვის კოშმარული გამოდგა. 46-დან 53-ე წუთამდე ხოსე მოლინას კარი ანდრეი შევჩენკომ, კაკამ და ანდრეა პირლომ დალაშქრეს და საპასუხო თამაშის წინ ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტეს...

და მაინც, “რიასორზე” “დეპორტივო” დანებებას არ აპირებდა. ხავიერ ირურეტას გუნდმა იმ დღეს იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოვებული თამაში აჩვენა და სამბურთიანი ჩამორჩენა უკვე პირველ 45 წუთში გაბათილდა. თავი ვალტერ პანდიანიმ, ხუან კარლოს ვალერონმა და ალბერტ ლუკემ გამოიჩინეს. მატჩს და “მილანის” განადგურებას წერტილი 76-ე წუთზე ხუან ფრანმა დაუსვა. “დეპორტივომ” სასწაული შესთავაზა საფეხბურთო სამყაროს, თანაც არცთუ პატარა სასწაული...

“ჩელსი” – “ბაიერნი” 6:5 (2004-2005 წლების სეზონი. 4:2, 2:3)

ორ ლამაზი შეხვედრა აჩუქეს გულშემატკივრებს მიუნხენის “ბაიერნმა” და ლონდონის “ჩელსიმ”. ლონდონში ჟოზე მოურინიო პირველ სეზონს ატარებდა და “არისტოკრატებიც” ევროპული გრანდების ოჯახში სწორედ იმ პერიოდში აბიჯებდნენ. “სტემფორდ ბრიჯზე” გერმანელებმა ფრენკ ლამპარდს ვერაფერი მოუხერხეს, ვინაც ოლივერ კანის კარი ორჯერ აიღო. მანამდე გატანა ჯო კოულსაც მოესწრო, ხოლო ლამპარდის დუბლის შემდეგ, თავისი გოლი დიდიე დროგბამაც გაიტანა. მიუნხენელთა პრესტიჟი იმ დღეს ბასტიან შვაინშტაიგერმა და მიხაელ ბალაკმა დაიცვეს და განმეორებით მატჩის წინ, “ბაიერნს” შანსი დაუტოვეს.

მიუნხენში გამართული შეხვედრა კი სტუმართა სცენარით წარიმართა. ფრენკ ლამპარდმა ლონდონელები დააწინაურა. მართალია კლაუდიო პიზარომ 65-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ დიდიე დროგბამ “ჩელსი” ისევ წინ გაიყვანა. “ბაიერნმა” გერმანული ხასიათი მაინც გამოავლინა. მიუნხენურმა გიგანტმა პაულო გერეროსა და მეჰმეთ შოლის გოლებით დაწინაურება შეძლო. “რეკორდმაისტერს” თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა მას ამისთვის აღარც დრო ეყო და აღარც ძალა.

“რომა” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:8 (2006-2007 წლების სეზონი. 2:1, 1:7)

იტალიურ “რომასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რაც ასეთ შორეულ ეტაპზე, არც მანამდე დაფიქსირებლა და არც მას შემდგომ. პირველი მატჩი რომში გაიმართა და იტალიელებმა როდრიგო ტადეისა და მირკო ვუჩინიჩის გოლებით მოიგეს. ამ გოლთა შორის, უეინ რუნიმ ერთი ხანობა წონასწორობა აღადგინა.

განმეორებითი შეხვედრის წინ, ლუჩანო სპალეტი და “მგლების” გულშემატკივრები იმედიანად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ იმ დღეს “ოლდ ტრაფორდის” მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და მას, “მანჩესტერ იუნაიტედი” ერქვა. 7:1 (!) – ასეთი ანგარიშით იმარჯვა სერ ალექს ფერგიუსონის გაწვრთილმა “იუნაიტედმა”. ბრაზილიელი დონის კარში გოლის გატანა პრობლემას არცერთი მანჩესტერელისთვის წარმოადგენდა. მაიკლ ქერიკმა და კრიშტიანუ რონალდუმ დუბლები გაიფორმეს. თითოც უეინ რუნიმ, ალან სმიტმა და პატრის ევრამ შეაგდეს. “რომას” მხრიდან ერთადერთი გოლი დანიელე დე როსის ანგარიშზე ჩაიწერა.

“არსენალი” – “ლივერპული” 3:5 (2007-2008 წლების სეზონი. 1:1, 2:4)

2007-2008 წლების სეზონში დასამახსოვრებელი მატჩები გაითამაშეს ინგლისურმა გუნდებმა – “არსენალმა” და “ლივერპულმა”. “ემირეითზე” ორი გოლი გავიდა და ისიც სამწუთიანი ინტერვალით. 23-ე წუთზე ემანუელ ადებაიორმა “მეთოფეები” წინ გაიყვანა, მაგრამ არსენ ვენგერის შეგირდებს სიხარული არ დასცალდათ. 26-ზე ჰოლანდიელმა დირკ კუიტმა გაიტანა და როგორც შემდგომ გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გაცილებით უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა საპასუხო შეხვედრა “ენფილდ როუდზე”. თავიდან აბუ დიაბიმ “არსენალი” დააწინაურა. მასპინძლებმა გათანაბრება პირველივე ნახევარში მოახერხეს. თავი ფინელმა სემი ჰიიპიამ გამოიჩინა. 69-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა თავისიანები დააწინაურა, როგორც ამ მატჩში, ისე ორმატჩიან დუელში. და მაინც, ლონდონელები არ დანებდნენ და თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ადებაიორმა გაათანაბრა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო ეტაპზე “არსენალი” გადიოდა... თუმცა ლონდონურ გუნდს სიხარული არავინ დააცადა და დარჩენილ დროში ორი გოლი აგემეს. სტივენ ჯერარდმა პენალტით იხეირა, წერტილი კი რაიან ბაბელმა დასვა.

“ლივერპული” – “ჩელსი” 5:7 (2008-2009 წლების სეზონი. 1:3, 4:4)

ერთი წლის შემდეგ, იგივე ეტაპზე, კვლავ ინგლისური დერბი მოექცა ყურადღების ცენტრში. კვლავაც “ლივერპული და ისევ ლონდონური გუნდი, ოღონდ არა “არსენალი”, არამედ – “ჩელსი”. “არისტოკრატებმა” “ენფილდზე” საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. დიდიე დროგბამ შეხვედრას წერტილი დაუსვა. მანამდე კი დუბლით სერბი ბრანისლავ ივანოვიჩი გამოირჩა. არადა, იმ დღეს “ლივერპულისთვის” ცუდს არაფერი მოასწავებდა – მე-6 წუთზე “წითლები” ხომ ფერნანდო ტორესმა დააწინაურა.

განმეორებით მატჩს თითქოს აზრი დაეკარგა, მაგრამ ინგლისურ დერბიში აზრდაკარგული არასდროს არაფერია. ფაბიო აურელიომ ჯარიმით, ჩაბი ალონსომ თერთმეტმეტრიანით “ლივერპული” ორი ბურთის სხვაობით წინ გაიყვანეს. შემდეგ “ჩელსის” ჯერი დადგა – პეპე რეინას ავტოგოლი, ალექსის ყუმბარისებული საჯარიმო და ფრენკ ლამპარდის გოლი. 81-ე და 83-ე წუთებზე კი რაფაელ ბენიტესის “ლივერპულმა” გაიბრძოლა. ლუკას ლეივამ და დირკ კუიტმა ანგარიში 4:3 გახადეს, თავისი გუნდის სასარგებლოდ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად “ბითლომანებს” კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ, მაგრამ ეს ერთი გოლი საკუთარ კარში მიიღეს. შეხვედრას წერტილი ლამპარდმა დაუსვა – 4:4.

“ბაიერნი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:4 (2009-2010 წლების სეზონი. 2:1, 2:3. “ბაიერნი შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

“მანჩესტერისთვის” “ალიანს არენაზე” ყველაფერი იდეალურად დაიწყო. მე-2 წუთზე უეინ რუნიმ ახლო მანძილიდან გაიტანა. სასურველი ანგარიში შენარჩუნებას “წითელი ეშმაკები” კარგა ხანს ახერხებდნენ, მაგრამ “ბაიერნთან” მოდუნება წამითაც არ შეიძლება. 77-ე წუთზე ფრანკ რიბერიმ რუნის გოლი გაქვითა. საყაიმო ანგარიშიც ინგლისელების წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ მსაჯის მეირ კომპესირებულ მეორე წუთზე ივიცა ოლიჩმა “ბაიერნს” მოაგებინა.

“ოლდ ტრაფორდზე” კი მასპინძლები ფავორიტად სახელდებოდნენ. თამაშიც ისე დაიწყო, თითქოს “მანიუს” ადვილად უნდა გაევლო გერმანელთა ბარიერი. დარონ გიბსონმა და ლუიშ ნანიმ საწყის 7 წუთში ადგილობრივი პუბლიკა ორჯერ მოიყვანეს აღტაცებაში. 41-ე წუთზე ნანიმ ქუსლით ანგარიში გამანადგურებელი გახადა და ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ნახევარფინალში “იუნაიტედი” გავიდოდა, თუმცა საპირისპიროს ფიქრობდნენ სტუმრები. ივიცა ოლიჩმა ტაიმის დამთავრებამდე ერთი გოლი გაქვითა. “ბაიერნისთვის” ოქროს გოლი კი 74-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ჰოლანდიელი არიენ რობენი შეიქნა. გატანილი ბურთი კი მართლაც რომ ბრწყინვალე გამოდგა. რობენმა კუთხურის შემდეგ, საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით, თანამემამულე ედვინ ვან დერ საარს შორეულ კუთხეში გაუტანა. “ბაიერნი” მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გავიდა.

“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა” 3:3 (2012-2013 წლების სეზონი. 2:2, 1:1. “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

კატალონიის “ბარსელონა” ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” სპეციალისტებმა ფავორიტად შერაცხეს, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ “ბლაუგრანა” მეოთხედფინალიდან გამოთიშვას ბეწვზე გადაურჩა. პარიზში “ბარსა” უპირატესობას ფლობდა და ორგზის იგებდა. კატალონიელთაგან თავის გამოჩენა ლიონელ მესიმ და ჩავიმ მოახერხეს. მასპინძლებმა ამ ორ გოლს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ბლეზ მატუიდის გოლებით უპასუხეს და მატჩიც ფრედ, - 2:2 დასრულდა.

საპასუხო შეხვედრაში პსჟ გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი იმდღევანდელი მეტოქე. მეორე ტაიმის დასაწყისში ხავიერ პასტორემ ანგარიში გახსნა და “კამპ ნოუს” პუბლიკა შოკში ჩააგდო, რადგან ეს “ბარსას” გავარდნას მოასწავებდა. “ბლაუგრანა” 71-ე წუთზე გადარჩა. შემდგომ ეტაპზე გამსვლელი გოლი კი ანგარიშზე პედრომ ჩაიწერა. ესპანური გრანდი ნახევარფინალში გასვლით მატჩში გატანილი უფრო მეტი გოლის წყალობით აღმოჩნდა.

“პარი სენ ჟერმენი” – “ჩელსი” 3:3 (2013-2014 წლების სეზონი. 3:1, 0:2. “ჩელსი” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)

ჩვენს დღევანდელ ათეულს ლონდონის “ჩელსისა” და “პარი სენ ჟერმენის” შარშანდელი მეოთხედფინალით დავასრულებთ. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი რაუნდი პარიზში გაიმართა. მე-4 წუთზე ანგარიში ეზეკიელ ლავესიმ გახსნა. ტაიმის შუაში ედენ აზარმა პენალტით გაათანაბრა. ახლა უკვე პსჟ-ს ფეხბურთელმა, მაშინ კი “ჩელსის” წევრმა დავიდ ლუიზმა ავტოგოლით კვლავ მასპინძლები დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპესირებულ მესამე წუთზე ლორან ბლანის გუნდმა მესამე გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ ხელსაყრელი უპირატესობა შეიქმნა. გოლი, რომელიც ხავიერ პასტორემ გაიტანა, კარგა ხანს არ წაიშლება ფეხბურთის გურმანთა გულებიდან.

საპასუხო მატჩის წინ “ჩელსი” რთული ამოცანის წინაშე იდგა, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდმა ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. 32-ე წუთზე ანდრე შურლემ ანგარიში გახნსა და ორი მატჩის ჯამში ჩამორჩენა მინიმუმადე შეამცირა. ახლა “არისტოკრატებს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლიც ყოფნიდათ იმ შემთხვევაში თუ თავიანთ კარსაც მშრალად შეინახავდნენ. მოვლენებიც ასე განვითარდა. ლონდონელებმა საკუთარი კარი ხელუხებლად დაიცვეს, ხოლო 87-ე წუთზე სენეგალელმა დემბა ბამ “ჩელსის” ნახევარფინალის საგზური მოუტანა. პსჟ კი თავის მხრივ, ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან, სტუმრად გატანილი წესის გამო გამოეთიშა.

0.125349