ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე ფრანგული გრანდი შეაქო და განაცხადა, რომ გამარჯვებულს პირველივე შეხვედრა ვერ გამოავლენს.
“მონაკომ” მეოთხედფინალის საგზური დაიმსახურა. ფრანგებმა ჯგუფში “ბენფიკასა” და “ზენიტს” აჯობეს, გაუშვეს მხოლოდ ერთი გოლი 6 შეხვედრაში. საფრანგეთში მეტოქეს საუკეთესო დაცვა ჰყავს და ძალიან ორგანიზებული გუნდია. მოთმენა გვმართებს, გამარჯვებულის ვინაობა ერთ თამაშში არ გადაწყდება. ხალხი ამბობს, რომ ფავორიტები ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე ფავორიტები არ არსებობენ. “მონაკოსთან”, რომელსაც კარგი დაცვა ჰყავს, გარისკვა არ შეიძლება და ისინი სახიფათონი იქნებიან თუ სივრცეებს დავუტოვებთ. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მიზანი ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშია.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მატჩს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლ პოგბას გარეშე ჩაატარებენ. ფრანგს ტრავმა აწუხებს. “ბიანკონერისა” და “მონაკოს” შორის დაპირისპირება “იუვენტუს სთედიუმზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.