ფეხბურთი

3:00 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ოთხეულის შანსი შეინარჩუნა

ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე “ლივერპულმა” “ნიუკასლ იუნაიტედი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა, რითაც ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

მერსესაიდულ გრანდს ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდა წაგებული. ამიტომაც, ბრენდან როჯერსის შეგირდებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და დებიუტშივე მოახერხეს გატანა. მე-9 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა მარცხენა ფლანგზე გაილაღა, ორი მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა და ტიმ კრულს შორეულ კუთხეში გაუტანა. მასპინძლებს მეორეს გატანაც მალე შეეძლოთ, მაგრამ მე-12 წუთზე ალბერტო მორენოს მეკარემ აჯობა, ხოლო 21-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ და რაჰიმ სტერლინგმა ვერ გაუგეს ერთმანეთს, თორემ გოლი აუცილებლად გავიდოდა. სტუმრებმა პირველი მომენტი 27-ე წუთზე შექმნეს, თუმცა აბეის დარტყმულის მოგერიება მინოლეს არ გასჭირვებია. ჯონ კარვერის შეგირდებს ანგარიშის გათანაბრება ტაიმის ბოლო წუთზე შეეძლოთ, თუმცა აიოზე პერესის თავური მინოლემ მოიგერია კუთხურზე.

მეორე ნახევარში პირველი საგოლე შანსი მასპინძელებს შეექმნათ. 56-ე წუთზე რაიან ტეილორი უხეშად შეცდა და სტერლინგი ვალდებული გახლდათ, რომ დუბლი გაეფორმებინა, თუმცა 100%-იანი საგოლე ეპიზოდი ქარს გაატანა. მასპინძლებს გამარჯვება ჯო ალენმა გაუნაღდა, რომელმაც 70-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

“ლივერპული” 57 ქულით მე-5 ადგილზეა და მის წინ მყოფ “მანჩესტერ სიტის” 4 ქულით ჩამორჩება.

ლივერპული – ნიუკასლი 2:0 (1:0)


ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, ჩანი, ჯონსონი, მორენო, ალენი, ლეივა, ჰენდერსონი, აიბი (ბორინი 59), სტერლინგი (ლამბერტი 89), კოუტინიო.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, ჯანმაატი, უილიამსონი, ანიტა, რ.ტეილორი, აბეი (არმსტრონგი 75), კოლბეკი, კაბელია, ობერტანი (გუტიერესი 67), სისოკო, პერესი (გუფრანი 87).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 2:0 ალენი (70).
გაფრთხილებები: ჯონსონი, მორენო – სისოკო
გაძევება: სისოკო 83.
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 14(6)-10(3), ჯარიმა: 8-17, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-4

0.218037