ფეხბურთი

3:24 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” დერბიში გაილაღა

ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტური “მესტალიაზე” გამართული ვალენსიური დერბით დასრულდა. ადგილობრივმა “ვალენსიამ” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ლევანტე” მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

“ვალენსია” თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდა და პაკო ალკასერმა მე-10 წუთზე მოახერხა გოლის გატანა, თუმცა იგლესიას ვილანუევა შეცდა და არარსებული თამაშგარე დააფიქსირა. ალკასერმა გოლის გატანა ექვს წუთში მაინც მოახერხა, მარჯვენა ფლანგიდან დანიელ პარეხომ ჩააწოდა და ახალგაზრდა ფორვარდმა თავური დარტყმით მოახერხა გოლის გატანა. 29-ე წუთზე პაკომ და როდრიგომ კედელი გაითამაშეს, ამ უკანასკნელის დარტყმული მცირეთ ასცდა მარინიოს კარის ჩარჩოს. სტუმრებმა პირველი სახიფათო ეპიზოდი 35-ე წუთზე შექმნეს, დავიდ ბარალის გასროლილი მცირედით ასცდა ალვეშის კარს. ერთ წუთში კი “ღამურებმა” მეორე გოლის გატანა შეძლეს. ლუკას ორბანის ჩაწოდებულს სოფიან ფეგული ზუსტი თავურით გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ მსაჯი ამჯერად მასპინძელთა სასარგებლოდ შეცდა, რადგან საგოლე გადაცემის ავტორი ორბანი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასე რომ, მსაჯმა “ვალენსიას” ვალი დაუბრუნა.

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და ივან ლოპესს ძალიან ცოტა დააკლდა ულამაზესი გოლის გატანამდე. მისი შორეული დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. 64-ე წუთზე დიეგო ალვეშის კარს უკვე ხოსე მარი ემუქრებოდა შორი მანძილიდან, მაგრამ ბრაზილიელმა კიპერმა შესანიშნავად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 73-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო ახალგაზრდა ფეხბურთელს ჟოაო კანსელოს, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მარინიოს კარის ბადეს გარედან მოხვდა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა და “ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დერბის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული (გულშემატკივრების 50% ჟოაოს მისცა ხმა). შეხვედრის ბოლოს სტუმრები კიდევ ერთხელ ეცადნენ შორი მანძილიდან გატანას, მაგრამ ალვეშმა ამჯერად მორალესს აჯობა. 93-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ალვარო ნეგრედომ უიღბლო სერია შეწყვიტა და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

“ვალენსია” 65 ქულით მე-4 ადგილზეა და მე-3 პოზიციაზე მყოფ “ატლეტიკოს” ქულით ჩამორჩება, ხოლო მდევარ “სევილიას” 3 ქულით უსწრებს. რაც შეეხება “ლევანტეს”, 28 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა “ალმერიასა” და “დეპორტივოს” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.

ვალენსია – ლევანტე 3:0 (2:0)


ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, ვეზო, მუსტაფი, ორბანი, კანსელო, ფუეგო, გომეში (დე პაული 66), პარეხო, როდრიგო, ფეგული (ბარაგანი 66), ალკასერი (ნეგრედო 73).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ლევანტე (4-4-2): მარინიო, რამისი, ვინტრა, მორალესი, ტონიო (ივანი 46), სიმაო, ხოსე მარი, ელ ჟარი (უჩე 58), ივანშიცი (რ.გარსია 74), ბარალი, კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 ალკასერი (16), 2:0 ფეგული (36), 3:0 ნეგრედო (93).
გაფრთხილებები: მუსტაფი, პარეხო, ნეგრედო – ხოსე მარი, ივანშიცი, სიმაო, რამისი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13(5)-11(2), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 2-2

თეგებილა ლიგა
0.181602