ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო წინ წაიწია და 415 ქულით 134-ე ადგილზე დამკვიდრდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ნეაპოლის ჩელენჯერის ფინალში გასვლამ ნიკოლოზი საგრძნობლად ახეირა წყვილთა კლასიფიკაციაში. ქართველი ჩოგბურთელი ერთბაშად 441 პოზიციით დაწინაურდა და 105 ქულით 526-ეა.
მიმდინარე კვირაში ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ მერსინში იმყოფება და 42 500-ათაიან ჩელენჯერზე მე-7 განთესვით ჩაებმება. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ფრანგი კონსტანტ ლესტიენე იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, “უაილდ ქარდის” მქონე თურქებს – იუკსელს და ერგუდენს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, რაც წინსვლის კარგ შანსს უტოვებს.
ნეაპოლის ტურნირისგან განსხვავებით, ბასილაშვილი, ამჯერად, წყვილთა თანრგში აღარ ითამაშებს.
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა სოფო შაფათავა.
კვალიფიკაციაში მე-9 ნომრად განთესილმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა პირველ რაუნდში კოლუმბიელი იულიანა მონროი 6:1, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი მე-2 რეიტინგის მქონე ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვასთან 6:3, 3:6, 4:6 წააგო.
შაფათავას რევანშის შანსი წყვილთა ტურნირში მიეცემა, სადაც რუს მარინ მელნიკოვასთან ერთად, ანასტასია და არინა როდიონოვებს (ორივე – ავსტრალია) გაეჯიბრება.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში შაფათავას 175 ქულით 259-ე ადგილი უკავია, რაც მის უწინდელ მაჩვენებელზე 32 პოზიციით უარესია. სამაგიეროდ, შესამჩნევი წინსვლა განიცადა მარიამ ბოლქვაძემ. მას 39 ქულა მოუგროვდა და 659-დან 548-ე საფეხურზე გადაინაცვლა.