ინგლისის ჩემპიონატის 32-ე ტურის შემდეგ მოწინავე სამეული გამოიკვეთა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ დერბიში “სიტის” დამაჯერებლად სძლია და ოთხი ქულით გაუსწრო.
თუმცა, შეხვედრის პირველი ათი წუთი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგშიც აისახა. მე-8 წუთზე დავიდ სილვას გადაცემით სერხიო აგუერომ იხეირა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, სტუმრებმა უკან დაიხიეს და სათამაშო უპირატესობა მეტოქეს გადაულოცეს, რაც მანუელ პელეგრინის მხრიდან უდიდესი შეცდომა გახლდათ. მასპინძლები მოედნის ცენტრს დაეპატრონნენ და მალევე ეშლი იანგმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 27-ე წუთზე მარუან ფელაინიმ თავური დარტყმით “იუნაიტედი” დააწინაურა.
წესით მეორე ტაიმში “სიტი” უნდა გააქტიურებულიყო, რადგან გასათანაბრებელი ჰქონდათ, მაგრამ მანუელ პელეგრინის შეგირდები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და იმ გუნდის აჩრიდელები იყვნენ, რომელმაც პირველი ათი წუთი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მეტოქის ცუდი თამაშით მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და 67-ე წუთზე უეინ რუნის გადაცემის შემდეგ ხუან მატამ მესამე გოლის გატანა მოახერხა (სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა), ხოლო 6 წუთში კრის სმოლინგმა გამანადგურებელი გახადა სხვაობა. ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, სხვაობის შემცირებაა – 89-ე წუთზე სერხიო აგუერომ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინსა და დიეგო კოშტას გაუთანაბრდა – 4:2. “სიტი” მე-3 ადგილოსან “იუნაიტედს” უკვე 4 ქულით ჩამორჩება.
სუსტი შეხვედრა ჩაატარა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” გასვლაზე გამართულ ლონდონურ დერბიში მთელი შეხვედრის განმალობაში ერთხელ დაარტყა მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად, თუმცა ეს სამი ქულის ასაღებად საკმარისი გახლდათ. მასპინძელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და რომ არა კურტუას შესანიშნავი თამაში, გოლსაც გაუშვებდნენ. ბელგიელმა მეკარემ ოსტინსა და ფილიპსს რთული დარტყმები აუღო. “არისტოკრატებმა” კი ერთდერთი ზუსტი დარტყმა გოლად აქციეს, 88-ე წუთზე სტუმრებმა მარცხენა ფლანგი გაარღვიეს, ედენ აზარმა ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი სესკ ფაბრეგასი მოძებნა და ესპანელმა ახლო კუთხეში გაუტანა რობერტ გრინს – 0:1. “ჩელსი” მეორე ადგილოსან “არსენალს” 7 ქულით უსწრებს და მატჩი თადარიგში აქვს.
ქპრ – ჩელსი 0:1 (0:0)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, ონიოჰა, ისლა (დანი 92), ჰილი, სანდრო (კრანჩარი 81), ბარტონი, ფილიპსი, ჰენრი, ზამორა (ჰოილეტი 83), ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, რამირესი (ოსკარი 56), ვილიანი (კუადრადო 80), ფაბრეგასი (ზუმა 92), აზარი, დროგბა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლი: ფაბრეგასი 88.
გაფრთხილებები: სანდრო, ზამორა – დროგბა
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 15(4)-9(1), ჯარიმა: 12-6, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 4-3, სეივი: 0-4
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი 4:2 (2:1)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ჯონსი (როხო 75), სმოლინგი, ბლინდი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი (ფალკაო 83), იანგი, მატა (დი მარია 80), რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მანჩესტერ სიტი (4-4-1-1): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი (მანგალა 46), ზაბალეტა, კლიში, ტურე, ფერნანდინიო, სილვა, ნავასი (ლამპარდი 74), მილნერი (ნასრი 63), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1;4:2 აგუერო (8;89), 1:1 იანგი (14), 2:1 ფელაინი (27), 3:1 მატა (67), 4:1 სმოლინგი (73).
გაფრთხილებები: მილნერი, სილვა, კომპანი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 11(7)-10(3), ჯარიმა: 9-16, კუთხური: 1-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-3