ფეხბურთი

22:26 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე გამარჯვება და დაბრუნებული ლიდერობა

XXIII ტურის ცენტრალური შეხვედრა ქობულეთში შედგა, სადაც “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამომ” საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” უმასპინძლა. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა, რადგანაც გასულ ტურში, ქუთაისის “ტორპედოსთან” მარცხიანი პაექრობის შემდეგ არბიტრის შეურაცხყოფის გამო ბათუმის “დინამოს” ფულადი ჯარიმა დაეკისრა და სამი მატჩის განმავლობაში მაყურებლის გარეშე მოუწევს საშინაო პაექრობების გამართვა. ევროსაგზურებისათვის მებრძოლი გუნდების დუელი რა თქმა უნდა დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ამ სამწუხარო ამბის გამო თამაშს ტრიბუნებიდან თვალს მხოლოდ გუნდების წარმომადგენლები, ძალოვანი ორგანოს წარმომადგენლები, სტადიონის თანამშრომლები და ჟურნალისტები უცქერდნენ. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, ისინი სტადიონის გარედან ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს.

მატჩი მოწინააღმდეგეებმა საშუალო ტემპში დაიწყეს. სადებიუტო წუთებში სახიფათო მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია. აჭარლებს წინა თამაშისგან განსხვავებით დისკვალიფიკაციის გამო მახარაძე აკლდათ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოზე დიმიტრი ტატანაშვილი და ბექა ვარშანიძე დასვა. მათ მაგივრად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მგელაძემ, გოგიტიძემ და თევდორაძემ დაიკავეს. რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მათი თავკაცი ზაზა ზამთარაძე იძულებული გახდა წინასამატჩო მოთელვისას გაეკეთებინა შეცვლა. ვარჯისისას მოედნიდან ნაადრევად გასული იაშვილის ნაცვლად მწვრთნელმა სასტარტოში თორნიკე კაპანაძე განამწესა.

პირველი სახიფათო დარტყმა შეხვედრაში მე-11 წუთზე შედგა, როდესაც სამტრედიელთა საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს, დაახლოებით 25 მეტრიდან შონიამ დაჰკრა უძლიერესად. სამტრედიელთა კიპერმა კარგი ნახტომი კი გააკეთა, მაგრამ ალბათ მისი ეს მცდელობა ამაო იქნებოდა, რომ არა დარტყმულის მცირედი უზუსტობა. ნელნელა მასპინძლების ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. მე-20 წუთზე გოგიტიძეს ჰქონდა თავურით კარგი შანსი, მაგრამ მისი დარტყმული მეტისმეტად არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში სამტრედიელთა თავკაცმა კიდევ ერთ იძულებით შეცვლას მიმართა. ტრამვის გამიზეზების გამო მოედანი მეკარე მუჯრიშვილმა დატოვა, რომელიც რევაზ თევდორაძემ ჩაანაცვლა.

მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე, ცოტა კურიოზულ მდგომარეობაში გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ვალერიან თევდორაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ბერიაშვილმა მიიღო, რომელმაც ჩინებული მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და დარტყმა სცადა. პირველი მცდელობა გიორგის არ გამოუვიდა, მაგრამ ბურთი ისევ მას დარჩა. განმეორებითი დარტყმა გიორგის ისევ არ გამოუვიდა, მაგრამ განივად გაგზავნილი ბურთი კაკუბავას შეეხო და სამტრედელთა კარში აღმოჩნდა – 1:0. თითქმის მაშინვე სტუმართა კიპერს მცრედ უყურადღებობას კინაღამ მეორე გოლი მოჰყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში იმერლები გადარჩნენ.

ტაიმის მიწურულს თამაში მთლიანად გათანაბრდა. 39-ე წუთზე ყველაზე სახიფათო მომენტი სამტრედიელთა მხრიდან კაპანაძეს შეექმნა, რომელსაც ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თავით ჰქონდა შანსი, მაგრამ ბოლო მომენტში ფორვარდს ტეტუნაშვილმა აჯობა და თავით ბურთი კუთხურზე გადააგდო. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ბათუმელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბერიაშვილმა ვერ მოახერხა ერთი შეხებით დარტყმა, განმეორებით ჯერზე კი მის მცდელობას თავგანწირვით ჩაუხტა ერთ-ერთი სამტრედიელი მცველი და სიტუაციაც განიმუხტა.

მეორე ტაიმი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და 47-ე წუთზე სამტრედიელებს გათანაბრების 100%-იანი შანსი მიეცათ, როდესაც შეხვედრის არბიტრმა ალექსანდრე გურულის წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის დარტყმა გეწაძემ იკისრა, რომლის შესრულებულიც ძელს მოხვდა და “დინამო” აშკარა გოლს გადარჩა. სულ მალე ბათუმელები კაცნაკლულნი დარჩნენ. სამტრედიელთა საჯარიმოში სიმულაციისათვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო დიასამიძემ. მოვლენების ასეთმა განვითარებამ თითქოს დიდი უპირატესობა მიანიჭა “სამტრედიას”, მაგრამ ერთი რეალური მომენტის გარდა სტუმრებს არ შეუქმნიათ. 54-ე წუთზე იმერლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გათამაშეს და მეკარესთან პირისპირ თევზაძე გაიყვანეს. სამტრედიელთა ახალგაზრდა მცველმა მოხდენილად დაარტყა და ბურთი მასპინძელთა კარის “ცხრიანისკენ” მიფრინავდა, მაგრამ მიხელ ალავიძემ საოცარი რეაქციის წყალობით დიდებული “სეივი” განახორციელა.

ამის შემდეგ ზღვისპირელებმა ჩინებულად შეძლეს გადაწყობა და საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს. დინამოელები შეძლებისდაგვარად კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. ბათუმელთაგან განსაკუთრებით გიორგი ბერიაშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც თავისი აქტიურობით მოწინააღმდეგეთა უკანახაზელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. დაახლოებით ოცი წუთი ისე გაილია არცერთი გუნდის კართან ხიფათი არ შექმნილა. სტუმართა თავკაცმა შეცვლები გამოყენა და შეტევების გასაძლიერებლად გამოცდილი დავით კვირკველია და ახალგაზრდა შოთა კერძევაძე შეუშვა. 78-ე წუთზე სამტრედიელებს შეეძლოთ სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ გეწაძის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გურულმა ვერც ზუსტი დარტყმა და ვერც გადაცემა მოახერხა. სანდროს ხელი სუხიაშვილმა შეუშალა და ხიფათიც განიმუხტა.

შეხვედრის ეპილოგში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ, რომელთაც ერთხელ ანგარიშის გარმაგების შანსიც მიეცათ, მაგრამ შეცვლაზე შემოსული ამირან მუჯირის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული მცირედით აცდა მოწინააღმდეგის კარს. ბათუმის “დინამომ” თითქმის მთელი ტაიმი ღირსეულად გაუძლო მეტოქის ზეწოლას და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა.

“დინამო” (ბათუმი) – “სამტრედია” 1:0 (1:0)

11 აპრილი. 16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 100 მაყურებელი

“დინამო”: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე, 69), ქავთარაძე, დიასამიძე, ბერიაშვილი (მუჯირი, 89), მგელაძე, ვალერიან თევდორაძე (ჭკუასელი, 77).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

“სამტრედია”: მუჯრიშვილი (რევაზ თევდორაძე, 27), კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, თევზაძე (კვირკველია 73), ბოლქვაძე (კერძევაძე, 86), დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, ალექსანდრე გურული, გეწაძე, კაპანაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლები: 1:0 კაკუბავა (საკუთარ კარში, 33).

გაფრთხილება: გორგიაშვილი (36), დიასამიძე (47), დიასამიძე (50), თევზაძე (71), კაპანაძე (81).

გაძევება: დიასამიძე (50).

არბიტრი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)

0.123609