ფეხბურთი

21:12 | 11.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” პირველი ლიგისკენ გაიხედა

საქართველოს უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში “მეტალურგმა” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა. თამაშის ტემპი არ იყო დაბალი, თუმცა ფეხბურთელთა ფიზიკური და ტექნიკური მომზადება დადებითად ვერ შეფასდება. ხშირი უზუსტობები, ბურთის მისაღებად დაგვიანება ან პირიქით ნაჩქარევი მოქმედება, კომბინაციის გათამაშებას, ბურთის დაცვიდან შეტევაში გადატანას ხელს უშლიდა.

იყო ეპიზოდები, სადაც ფეხბურთელს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ბურთი მაინც იკარგებოდა. მოთამაშე, რომელიც ბურთის გაჩერებას და ახლო მანძილზე ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებს, გუნდის სუსტი წერტილია. ასეთი შემთხვევები ორივე გუნდის მხრიდან იყო. თამაშიდან გამომდინარე, გელა სანაიას გუნდს სიხარულის საფუძველი არ აქვს, რადგან მათ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქართულ კლუბს მოუგეს, ისე რომ ერთი ან მაქსიმუმ ორი შეტევის გარდა, გააზრებული კომბინაციის გათამაშება ვერ მოახერხეს.

ქობულეთელთა შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება. კარგ ფორმაშია მცველი გია გურული. ბევრს მოძრაობდა და აქტიურობდა გიორგი კუხიანიძე, ფიზიკური მომზადებით ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო უკრაინელი ადრიან პუკანიჩი, მან მატჩი სრულად ჩაატარა და თამაშის ბოლომდე არ ეტყობოდა დაღლილობა. მოედანზე გამორჩეული მოთამაშე იყო გიორგი ჩელებაძე, ქობულეთელთა “ათიანი”, თამაშის სურათიდან გამომდინარე, მცველებსაც ეხმარებოდა, შეტევისას კი ბრაზილიელი ცენტრფორვარდის ვიქტორ ნუნიესის უკან მოქმედებდა. ჩელებაძე ხშირად ცდილობდა ეთამაშა სანახაობრივად და ორიგინალურ გადაწყვეტილებებსაც იღებდა. შეტევის გასამწვავებლად ხშირად იყენებდა გარე ტერფს და მოჭრილი დარტყმით მეტოქის მცველებს დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ხან თანაგუნდელები ვერ უგებდნენ, ხანაც თვითონ ცდებოდა. პირველ ტაიმში მარჯვენა ფლანგზე ბევრს დარბოდა თორნიკე თუხარელი და ფლანგელის მოვალეობას – შეტევის გამწვავებას კარგად ახერხებდა.

რუსთავული კლუბი ე.წ. სახლის გუნდად ითვლება, თუმცა “შუქურასთან” შეხვედრაში კილასონიას გუნდის დაცვითმა ხაზმა ვერ გაუძლო მეტოქის შეტევებს. პირველ ტაიმში ბედიაშვილის საჯარიმოსთან ახლოს თუხარელი-ჩელებაძე-ნუნიესი აქტიურობდნენ. შესვენებამდე მათ აქტიურობას შედეგიც მოჰყვა, “შუქურამ” კუთხურის შესრულების უფლება მოიპოვა, რასაც ანგარიშის გასხნა მოჰყვა. მეორე სართულზე გიორგი გურულმა ყველას დაასწრო და სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

სტუმართა მეორე გოლისას გამოცდილი გრიგოლ ბედიაშვილი შეცდა, რომელმაც ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დაჭერა განიზრახა, რაც არ გამოუვიდა, კარი ცარიელი დარჩა, ბურთი კი თუხარელს მოხვდა და ანგარიში გაიზარდა.

ექვს წუთში მესამე გოლი გავიდა, მასპინძლები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, “შუქურას” მორიგ შეტევას “მეტალურგის” კართან არეულობა მოჰყვა, იქ კი შეტევაში ჩართულმა მალანიამ კარისკენ დაარტყა და ბურთი მესამედ გაეხვა ბედიაშვილის კარის ბადეში.

მატჩის ბოლოს გაიბრძოლეს მასპინძლებმა. 79-ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ანგარიში ბარაბაძემ შეამცირა. გამოცდილ ცენტრფორვარდს მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც შეექმნა გოლის გატანის შანსი, თუმცა მისი თავური ჯიოევმა დაიჭირა.

“მეტალურგი” ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, რაც არ გამოუვიდა. მასპინძელი ფეხბურთელები კონტრშეტევის გაკეთებასაც ცდილობდნენ, რაც უკეთ გამოუვიდათ.

გამარჯვება “შუქურამ” დაიმსახურა, თუმცა ასეთ ვითარებაში ძნელია მოთხოვნები წაუყენო “მეტალურგის” ფეხბურთელებს.

მატჩის შემდეგ ვარლამ კილასონიას კომენტარი არ გაუკეთებია. მის ნაცვლად “მეტალურგის” მეკარეების მწვრთნელი ანდრო კოროშინაძე გვესაუბრა.

“უმძიმესი სიტუაციაა. არ ვიცი რა გველის. სურვილი გვაქვს გუნდმა შემდეგ მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობას, თუმცა ფეხბურთელებს ელემენტარულ პირობებს ვერ ვუქმნით და ფეხბურთზე საუბარი ცოტა ძნელია” – აღნიშნა კოროშინაძემ.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “შუქურას” მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ:

“შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ ადვილად მოვახერხეთ გამარჯვება. შედეგი მატჩის სირთულეს არ ასახავს. ეს იყო რთული მატჩი და მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ.

“მეტალურგი” ჩემი ყოფილი გუნდია. მესმის რა ვითარებაშიც იმყოფებიან. იმედი მაქვს მდგომარეობა გამოსწორდება.

- როგორ ფიქრობთ გაამართლა 16 გუნდიანმა ჩემპიონატმა?

- რა თქმა უნდა. ჩემპიონატში მეტი კონკურენციაა, მეტი რეგიონი ჩაერთო გათამაშებაში და ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.

მეტალურგი – შუქურა 1:3 (0:1)

11 აპრილი. რუსთავი. “ფოლადი.” 150 მაყურებელი

მეტალურგი: ბედიაშვილი, მიქაუტაძე, სარიშვილი (ბიწკინაშვილი 70), ბერუაშვილი, ჯოხაძე (ციცქიშვილი 55), ბარამიძე, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ნოზაძე (გელაშვილი 75), ბარაბაძე, გიორგი კილასონია

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

შუქურა: ჯიოევი, გურული (მჟავანაძე 85), მალანია, ხოჭოლავა, ტაკიძე, ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი, თუხარელი (ტუღუში 72), ჩელებაძე, ვიქტორ ნუნიესი (კოპალიანი 80)

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

გოლები: 0:1 გურული (45), 0:2 თუხარელი (53), 0:3 მალანია (59), 1:3 ბარაბაძე (79)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)

გაფრთხილება: ბერუაშვილი (55)

0.132332