რაგბი

18:35 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჩავლეიშვილი: “დამოკიდებულება შეიცვალა და განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ”

გასული კვირის მიწურულს საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ელიტური ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შესაბამისად, ირლანდიისა და იტალიის შუთაუთებით დამარცხების შედეგ, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ფინალი მასპინძელ საფრანგეთთან დათმეს და ისტორიული შედეგი აჩვენეს.

ამ გამარჯვებამ ქართული რაგბის თამასა ევროპასა და მსოფლიოში კიდევ უფრო მაღლა აწია. განვლილ შეხვედრებზე და მომავალ წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის მიზნებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით ჩავლეიშვილს “მსოფლიო სპორტი” გაესაუბრა.

- ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თუ ფიქრობდით, რომ საფრანგეთიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდებოდით?

- არა, ვერცხლის მედლებზე ნამდვილად არ გვიფიქრია, მაგრამ დასახული მიზანი ოთხეულში მოხვედრა იყო. პირველი თამაში უეჭველად უნდა მოგვეგო და სწორედ ეს იყო ჩვენი განწყობა. მერე ყველაფერი თავისთავად აეწყო - პირველი თამაში კარგად ჩავატარეთ, მეორეში მოედანზე თვითდაჯერებული გავედით. რაც მთავარია, მოთამაშეებმა მოედანზე ზუსტად შეასრულეს ის სქემა, რაც მწვრთნელებმა დავუსახეთ. იტალიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, ევროპის ჩემპიონატამდე მათ ხუთი ტესტი ჰქონდათ მოგებული. უელსთანაც ძალიან მაგრად ითამაშეს, პირველივე წუთებიდან მეტოქე გააბრუეს. მაგრამ ჩვენმა ერთობამ, ხასიათმა და მითითებების ზუსტად შესრულებამ, ირლანდიის დამარცხების შემდეგ იტალიასთანაც მოგვაგებინა. ვფიქრობ, ამინდი უკეთესი რომ ყოფილიყო, ნახევარფინალში საქმე შუთაუთებამდე არც მივიდოდა.

- მოდით თავიდან დავიწყოთ. რა აღმოჩნდა გადამწყვეტი ირლანდიასთან მატჩში?

-კონკრეტულად ამ თამაშის ბედი ძალიან კარგმა დაცვამ გადაწყვიტა. “კლერმონთან” თამაშზე სწორედ დაცვაზე ვიმუშავეთ და მერე ეს ყველაფერი ირლანდიასთან კარგად გამოგვივიდა. მეტოქის ძველი თამაშებიც გავარჩიეთ და ამ გუნდმაც ზუსტად იმავე სტილში ითამაშა. დაცვა რომ საუცხოო იყო ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სარეკორდო, 186 ბოჭვა შევასრულეთ და მხოლოდ 8-ჯერ დავჯარიმდით. ირლანდიელებს ბევრად ნაკლები ბოჭვა ჰქონდა და 11 ჯარიმა აიღეს. მეტოქე ელოდა, რომ იოლად გაგვტეხდა, მაგრამ თავგანწირულმა თამაშმა გააჩერა ის მანქანა, რაზეც აწყობილნი იყვნენ. მათ ჩქარი რაქი ჰქონდათ, გვერდზე შეტევები, გარეთ გასული ბურთი, ყველგან გავაჩერეთ და ამან ბედი გადაწყვიტა.

- ზემოთ ახსენეთ იტალიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდაო. ნახევარფინალის ბედი იმან ხომ არ გადაწყვიტა, რომ მეტოქე იტალია იყო?

- ამ თამაშზე გუნდი იმავე განწყობით გავიდა, როგორც პირველ შეხვედრაზე. თანაც ის მომენტიც იყო, რომ პირველი ბარიერი უკვე გადალახული გვქონდა და ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობის ბოლომდე ირწმუნეს. ყველა მოტივირებული იყო. აქაც ძალიან კარგი დაცვა ვაჩვენეთ, ფეხით თამაში რომ წავიდა არაფერი დავთმეთ, მეტოქე “ფორიაქა” გუნდია, მაგრამ ვერ აგვიყოლია და სისტემამ კიდევ ერთხელ იმუშავა.

- ეს ორივე თამაში შუთაუთებით მოვიგეთ.

- ორივე მომენტში გადამწყვეტი როლი ნერვებმა ითამაშა. ირლანდია ასეთ შედეგს არ ელოდა, ჩვენები შედარებით მშვიდად იყვნენ, რადგან საქმე აქამდე მივიდა. იტალიასთან იგივე განმეორდა. უელსის დამარცხების შემდეგ, იტალიელები ფიქრობდნენ, რომ უკვე ფინალში იყვნენ, მაგრამ შეცდნენ და ჩვენმა თავდაჯერებულობამ და ნერვების სიმტკიცემ ამ შემთხვევაშიც გამარჯვება მოგვიტანა.

- ყველამ კარგად ვნახეთ და არავის საყვედური არ დასცდება, მაგრამ საინტერესოა თქვენი მოსაზრება - ამ ყველაფრის შემდეგ რა მოხდა ფინალში?

- ამ ტურნირზე საფრანგეთს მართლაც საუკეთესო, მობილური გუნდი ჰყავდა და ეს განვლილ ორ თამაშშიც გამოჩნდა. ის ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენებზე. ტურნირისთვის ამ გუნდს განსაკუთრებით ამზადებდნენ და ბიჭებიც დარჩეულები ჰყავდათ - ტანით, ჯანით და სისწრაფეებით. აქ ჩვენი მიზანი იყო, რომ ტემპი შეგვენელებინა, მათ არ ავყოლოდით და 20 წუთის განმავლობაში ეს ბიჭებმა შეძლეს. ვიცოდით, რომ მეტოქეს სუსტი ჰქონდა დაცვის მოლი და პირველ ჯერზე რომ მივაწექით შეცდომა დავუშვით, ბურთი არ უნდა გამოეტანათ. აქ პირველი შეცდომა დავუშვით; დაცვაში არაფერი მოხდებოდა, მაგრამ ჩაჭრაზე ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა; ჩვენ შეტევას ბურთის ჩაჭრა მოყვა და კონტრშეტევაზე მეორე ლელო გავუშვით; დავიწყეთ მეორე ტაიმი და პირველივე დაკიდებული ბურთიდან ლელო გავუშვით...

ეს იყო იმის შედეგი, რომ პირველმა ორმა თამაშმა ბიჭები გამოფიტა და საფრანგეთთან მათ ნერვებმა უმტყუნა. გარდა ამისა, 10 ნომერი დაგვემტვრა და 13 ნომერი ამ პოზიციაზე პირველად თამაშობდა, რაც ძალიან დიდი სტრესი იყო. ჯამში 5 ლელო ფრანგებმა ჩვენგან საჩუქრად მიიღეს და ეს უკვე 35 ქულაა. იმ ძლიერმა გუნდმაც რომ ჩართო სიჩქარეები და ყველაფერი გამოუვიდა, აღარ გაჩერდა...

რაც მთავარია, ამ მორაგბეებმა მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება და ახლა ახალი გუნდის შექმნას რომ დავიწყებთ, აუცილებლად გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თამაში უცხოურ გუნდებთან. ამაზე უკვე მიდის მუშაობა, საქართველოს რაგბის კავშირი იზრუნებს და რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, რათა უცხოელების მიმართ კომპლექსი მოგვეხსნას.

- რა გამოხმაურება მოყვა საფრანგეთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წარმატებას?

- გამოხმაურება მართლაც სერიოზული იყო. ირლანდია ჩვენთან მარცხის შემდეგ სერიოზულ შოკში იყო. ტურნირზე არავინ ელოდა ასეთ შედეგებს და ფიქრობდნენ, რომ ფინალში ინგლისი და ირლანდია ითამაშებდნენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. პრესა და ყველა, აღიარებდა, რომ ჩვენმა გუნდმა შემთხვევით კი არა, დამსახურებულად გაიმარჯვა. გვეუბნებოდნენ - “თქვენ დიდი გულები გაქვთო” და თავად ირლანდიელები იყვნენ ჩვენით აღფრთოვანებული. ფინალში წაგების შემდეგ, ფრანგები მადლობას გვიხდიდნენ ბოლომდე ბრძოლისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენდამი დამოკიდებულებას შეცვლის და ჩვენც განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, რათა შემდეგ ტურნირზე კიდევ უფრო უკეთესი გუნდით ჩავიდეთ. ახლა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფავორიტებად ჩავდივართ და მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს მიმართ. შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი მოთხოვნაც ბიჭების მიმართ. სელექცია დღეიდან უნდა დავიწყოთ, რათა შევკრობით საუკეთესოები და ვავარჯიშოთ ინდივიდუალურად, რათა დასკვნით ფაზაში სხვა რამეს დაეთმოს მეტი ყურადღება.

- გუნდმა დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება მიიღო და თუ იქნება იმის საშუალება, რომ მომდევნო წლებში ეს გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი გახდეს?

- დიდ გუნდებთან თამაშის და რაც მთავარია გამარჯვების ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე მოიხსნა. ეს ბიჭები ორი წლის შემდეგ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე ითამაშებენ თბილისში და მეტოქის შიში აღარ ექნებათ. ვფიქრობ, ეს ბიჭები ახლა უფრო მეტს მოთხოვენ საკუთარ თავს, ისინიც, ვინც ამ გუნდში ვერ მოხვდნენ, უფრო მოინდომებენ და მეტს ივარჯიშებენ. ეს სტიმულია ყველასათვის, მათ შორის მათთვის, ვინც ტრავმების გამო ჩვენთან ერთად საფრანგეთში არ იყო.

- ცოტა უფრო ადრე დაიწყო და თქვენი წარმატების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის ექვსი ერის კარი უნდა გაიღოს.

- მსგავსი საუბრები იქაც იყო. დაიწყო საუბრები და ეს უკვე ძალიან კარგია, მაგრამ როდის რა იქნება არავინ იცის. ამ ამბავს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. შოტლანდიას გარეთ არავინ დატოვებს, ბრიტანელები ამას არ დაუშვებენ და თუ ვინმეს დაიმატებენ, თორემ გამოგდებით არ მგონია ვინმე გამოაგდონ. ექვსი ერის გუნდები თვლიან, რომ უმჯობესია ერთმანეთში ითამაშონ ძლიერმა გუნდებმა, ვიდრე ჩვენ გვეთამაშონ. ჯერჯერობით მაინც ფიქრობენ, რომ ჩვენთან თამაში მათთვის სასარგებლო არ იქნება.

0.118607