ლევან ცქიტიშვილის სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ფუტსალის ასოციაციაში არსებული დავა საოლქო სასამართლომ განიხილა, მიღებული გადაწყვეტილებით ლევან ცქიტიშვილს უფლებამოსილება უნდა აღუდგეს.
ფუტსალის ასოციაციაში დაპირისპირება 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილია, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამ თემაზე “მოამბისთვის” კომენტარი ზვიად ხაჩიაშვილმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა და მისმა ადვოკატმა გააკეთეს.
“თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის მიერ დაკმაყოფილდა ლევან ცქიტიშვილის სარჩელი. ლევანი ითხოვდა უკანონოდ ჩატარებული ფუტსალის ასოციაციის კონფერენციების ოქმების ბათილად ცნობას. სამივე კონფერენცია, რომელიც უკანონოდ ჩატარდა, ბათილად ცნობილია. შედეგები სტატუს-ქვო მდგომარეობაში დაბრუნდა”, - განაცხადა ლევან ცქიტიშვილის ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ “მოამბესთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“გასაჩივრების ორკვირიანი ვადა აქვთ. თუ გაასაჩივრებენ, დაველოდებით სასამართლოს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში მოუწევთ გადმოგვაბარონ უფლებამოსილება და კვლავ გავხდები ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი”, - აღნიშნა ლევან ცქიტიშვილმა.
“რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან გვაინტერსებს, რის საფუძველზე გაამართლა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე”, - აღნიშნა ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად ხაჩიაშვილმა.