ფეხბურთი

20:05 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: “მონაკო” სახიფათო მეტოქეა”

ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ხაზი მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად გამოიყურება. გუნდს ყველა ტურნირზე ჯამში ჩატარებულ 41 შეხვედრაში მხოლოდ 22 გოლი აქვს გაშვებული. უკანა ხაზის ნამდვილ ლიდერად კი საფეხბურთო სპეციალისტებს და გულშემატკივრებს გამოცდილ ჯორჯო კიელინისთან ერთად მისი მეწყვილე, ლეონარდო ბონუჩი მოევლინა.

27 წლის მცველმა “სქაი სპორტსთან” ისაუბრა და “ბებერი ქალბატონის” სამომავლო შანსებსაც შეეხო.

იტალიის თასის ფინალში გასვლასთან დაკავშირებით - “კარგ მომენტში მოგვიწია თამაში - პასუხობს ლეონარდო. ყოველი გამარჯვება ამაღლებს ჩვენს მორალურ მდგომარეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ჩვენ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. მასიმილიანო ალეგრი ჭკვიანი მწვრთნელია და მჯერა, რომ ფლორენციაში გუნდის ასეთი თამაში პირველ რიგში მწვრთნელის დამსახურება იყო.

ბონუჩის მიმდინარე სეზონში თავის გუნდში ყველაზე მეტი, 40 მატჩი აქვს ჩატარებული - “გუნდურ სპორტის სახეობაში ასეთ რამეზე არ ვფიქრობ. ყველა ფეხბურთელი გუნდში მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვინ რამდენს თამაშობს. ძალიან მომწონს “იუვეს” მაისურით თამაში და ბრძოლა”.

უახლოეს თამაშებზე - “პარმასთან” გამარჯვება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს “მონაკოსთან” შეხვედრაც. ფრანგები მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებენ - მეოთხედფინალში ყველა გუნდი ძლიერია. მათი თამაში “არსენალთანაც” ვნახეთ. ისინი კონტრშეტევაზე ძალიან ძლიერები არიან, ხოლო დიმიტარ ბერბატოვი ევროპის ერთ-ერთი საუკუეთესო ფორვარდია. ჩვენ ყურადღებით ყოფნა გვმართებს”.

“იუვენტუსის” გულშემატკივრები უკვე ალაპარაკდნენ შესაძლო “ტრიპლეტზე” - ფეხები მიწაზე უნდა შევინარჩუნოთ - აგრძელებს ბონუჩი. ილუზია არ უნდა შევიქმნათ, ჩვენ დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მზად ვართ წარმატებით თამაში სეზონის ბოლომდე გავაგრძელოთ”.

ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონი კი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

0.115149