ფეხბურთი

19:52 | 9.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო: “ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ “ბებერი ქალბატონის” ტელეარხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

29 წლის ფეხბურთელის თქმით, “იუვენტუსმა” ჯერჯერობით სეზონი წინ დასახული მხოლოდ ერთი ამოცანა გადაჭრა, გუნდის მიზანი კი ყველა ტურნირზე გამარჯვებაა.

“ჩვენ სეზონის წინ დასახულ ამოცანებში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შევასრულეთ და იტალიის თასის ფინალში გავედით. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, ჩვენ კარგად ვშრომობთ და გვინდა, რომ ყველა ტურნირზე, რომელშიც ვთამაშობთ, გავიმარჯვოთ.

ჩემს კარიერაში მითამაშია 15 ნომრით, შემდეგ - 19-ით. ეს რიცხვები ჩემი ოჯახისთვის გამორჩეული თარიღია. შემდეგ, როცა პესოტო ფეხბურთიდან წავიდა გათავისუფლდა 8 ნომერი და ახლა ამ ნომერს ვატარებ.

“დელე ალპიზე” ბავშვობიდან დავდიოდი და გუნდის ავტობუსთან ფეხბურთელებს ვხვდებოდი. ეს ძალზე ემოციური იყო. ახლა კი იგივე ემოციას სხვებს ვანიჭებ.

დაუვიწყარია 2012 წელს ტრიესტეში მოგებული სკუდეტო. ის საღამო არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მიმდინარე სეზონში კი გამორჩეული გახლდათ ბოლო წუთზე მოგებული დერბი, ისევე როგორც გამარჯვება “რომას” წინააღმდეგ. შესანიშნავი იყო დორტმუნდში ჩატარებული მატჩი და ბოლოს ფლორენციაში, “ფიორენტინას” ძლევა.

“ლაციოს” პირველ წრეში ადვილად მოვუგეთ, მაგრამ მაშინ რომაელები ისეთ ფორმაში არ იმყოფებოდნენ, როგორც ახლა არიან. მათთან ადვილი თამაში არც ჩემპიონატში გველოდება და არც იტალიის თასზე”, - ამბობს მარკიზიო.

“იუვენტუსი” ჯერჯერობით სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის. გუნდი იტალიის სერია A-ს 14 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პარალელურად კი იტალიის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული.

0.150552