საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დაძლია ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წინასწარი ეტაპი და საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თამაზ კოსტავას გუნდმა 7:0 დაამარცხა ანდორა.
ანგარიში მე-3 წუთზე ტატიანა მეტვეევამ გახსნა, მან მე-6 წუთზე დუბლი შეასრულა. 25-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ სამამდე გაზარდა სხვაობა, რასაც ხატია ჭყონიას პოკერი მოჰყვა. ჭყონიამ 26-ე, 83-ე და 85-ე წუთებზე გაიტანა გოლები, 69-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: ჭკუასელი (ნადირაშვილი 71), პასიკაშვილი, ხველიძე (შენგელია 46), თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე (კვალიაშვილი 46), ჭყონია, ჩემინავა, ტატუაშვილი, ზახაიძე, სუთიძე.
წინასწარი ეტაპის პირველ მატჩში თამაზ კოსტავას გუნდმა მეტვეევასა და ჭიჭინაძის გოლებით ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა. მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები მალტასთან 1:2 დამარცხდნენ. ჩვენებურთაგან ერთადერთი გოლი ჭიჭინაძის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. ანდორასთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრების მსგავსად 6 ქულა დააგროვეს ფარერის კუნძულებისა და მალტის ნაკრებებმა. ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე კი ფარერის კუნძულების ნაკრები გავიდა, მესამეა მალტა, ბოლო ადგილზე კი ანდორა გავიდა, რომელმაც ქულის გარეშე დაასრულ ასპარეზობა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის დაძლევა მოუწევს, შემდეგ კი პლეი ოფია, რომელშიც წარმატებით თამაშის შემთხვევაში 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზებთ. 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ტურნირს ჰოლანდია უმასპინძლებს.