როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის “დინამო” 8 ათასი ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, აჭარული გუნდი მომდევნო 3 საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. ამ თემაზე “მსოფლიო სპორტი” სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმშერ ტყებუჩავას ესაუბრა.
“ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩში 20-მდე ბათუმელი შეიჭრა სტადიონზე, რომლებმაც მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ლანძღავდნენ და აფურთხებდნენ არბიტრს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, 20 გულშემატკივარი შეიჭრება სტადიონზე თუ ერთი. ჩემი აზრით, ბათუმის “დინამო” უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა, გული მწყდება, რომ უფრო მეტად არ დავსაჯეთ.
“ბათუმის “დინამო” ბევრი ქომაგი ჰყავს, ოთარ ფედიჩკინი კი ხალხის მასაზე გათვლილი განცხადებებით გამოდის. მას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, აჭარულ კლუბს იურიდიული სამსახური საერთოდ არ აქვს.
“ბათუმის “დინამოს” მხრიდან იყო წინადადება, რომ ფინანსური ჯარიმა გაზრდილიყო, ხოლო ბათუმის “დინამოს” საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების უფლება მიგვეცა, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იურიდიულად გამართლებული არ იქნებოდა.
“გასაჩივრების შემთხვევაში ფინანსური ჯარიმის შემცირების შანსი არსებობს, თუმცა გულშემატკივრის დასწრება ძალაში დარჩება”, - აღნიშნა ჯიმშერ ტყებუჩავამ.
ბათუმის “დინამოს” დირექტორი ოთარ ფედიჩკინი სასჯელის გასაჩივრებას აპირებს და იმედი აქვს, რომ აჭარული კლუბის საშინაო მატჩებზე გულშემატკივრების დასწრება შესაძლებელი იქნება.
“გასაჩივრებას ვაპირებთ, იმედი გვაქვს გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელი იქნება და სასჯელი შეგვიმცირდება. ჩვენთვის მთავარია საშინაო მატჩებზე გულშემატკივართა დასწრების უფლება მოგვცენ, ფინანსური სასჯელი კი მეორეხარისხოვანია.
“მთელი ბათუმი ელოდება 9 მაის, როცა ჩვენი მეტოქე “დინამო თბილისი” იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი არ გვაქვს, ჩვენს თამაშებს ბევრი გულშემატკივარი ესწრება და მათი არყოფნა სტადიონზე საშინელება მგონია. ისედაც რთულ პირობებში ვართ და კიდევ იმის დამატება, რომ გულშემატკივრის გარეშე მოგვიწევს სამი მატჩის ჩატარება, უმძიმეს ვითარებას ქმნის.
“შესაძლოა ერთხელ შეცდეს მთავარი მსაჯი, მაგრამ ორჯერ, სამჯერ და ექვსჯერ დაშვებული შეცდომა ეჭვებს ქმნის” – განაცხადა ოთარ ფედიჩკინმა “მსოფლიო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ აღნიშნული ინციდენტი 22-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩში მოხდა. გამარჯვება ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიპოვეს.