ფეხბურთი

19:45 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” 8 ათასი ლარით დაჯარიმდა

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტეტმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის “დინამო” 8 ათასი ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, აჭარული გუნდი მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა “დინამოს” პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი, რომელიც აცხადებს, რომ ბათუმურ გუნდს მიზანმიმართულად ხელს უშლიან.

“კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უსამართლობა, ბათუმის “დინამოს” ბინძური წესებით ებრძვიან. “დინამო” უსტადიონო გუნდია და 2.500 კაცი დადის ყოველ თამაშზე. კომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ამდენი გულშემატკივარი არცერთ სხვა თამაშზე დადის საქართველოში და აჭარაში ფეხბურთი გამოცოცხლდა”, - განაცხადა ფედიჩკინმა.

თავის მხრივ, სადისციპლინო კომიტეტის თავჯდომარეს, ჯიმშერ ტყებუჩავას მიღებული გადაწყვეტილება მართებულად მიაჩნია, რადგან მისი თქმით, “დინამომ” ვერანაირი არგუმენტი წარმოადგინა იმისთვის, რომ გუნდი არ დაჯარიმებულიყო:

“ბათუმის “დინამოს,” მსაჯზე ფიზიკური ანგარიშსწორების გამო, დაეკისრა 8 ათას ლარიანი ჯარიმა და ამავდროულად სამ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ მხარე – ბათუმის “დინამოს” არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. მათ განემარტათ თავიანთი უფლებები და ის, რომ ასეთ დროს პრიორიტეტი ენიჭება მსაჯების ოქმს. შესაბამისად, მათ ამის საპასუხოდ ვერაფერი წარმოგვიდგინეს”, - ამბობს ტყებუჩავა.

ბათუმური გუნდის დაჯარიმების მიზეზად პარასკევს, 3 აპრილს, ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩისას გულშემატკივრების საქციელი დასახელდა. აღნიშნულ შეხვედრაში, რომელიც იმერლებმა 3:2 მოიგეს, “დინამოს” ქომაგები და ხელმძღვანელები მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებებით იყვნენ უკმაყოფილონი.

0.118684