სხვა

15:38 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ნაწილი დასკვნით ეტაპზეა”

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია გაიმართა. საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარის კახი კახიაშვილის თქმით, ტურნირის მოსამზადებელი ნაწილი დასკვნით ეტაპზეა. თბილისს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში ეწვია, რომლის თქმით, მან მოინახულა სპორტის სასახლე და ყველაფერი იდეალურადაა გაკეთებული. აღნიშნულ პრეკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა.

კახი კახიაშვილი (3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი) : “ტურნირის მოსამზადებელი ნაწილი დასკვნით ეტაპზეა. მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ოლიმპიურ კომიტეტს, მთავრობას და თბილისის მერიას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი 11 აპრილს დაიწყება. გახსნის ცერემონია 15:30 საათზეა დაგეგმილი. პირველ დღეს ჩვენი ძალოსანი რამინ შამილიშვილი 20:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას, მინდა გულშემატკვირებს ვთხოვო მობრძანდნენ თბილისის სპორტის სასახლეში და უქომაგონ ჩვენ სპორტსმენებს”.

ზურაბ ბოქოლიშვილი (საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი): “ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარება ძალან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი სპორტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს და სპონსორებს. ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოები გუშინ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დაათვარიერა და კმაყოფილი დარჩა. ყველას მინდა ვთხოვო მობრძანდნენ თბილისის სპორტის სასახლეში.

ჰასან აკუში (ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი): “საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა ორი წლის წინ ჩაისახა. გუშინ მოვინახულე სპორტის სასახლე და ყველაფერი იდეალურადაა გაკეთებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართულია ორგანიზაციულ საკითხებში და ვინც ამ ტურნირს მხარს უჭერს. 11-დან 18 აპრილამდე მსოფლიო ძალოსნობის ყურადრება სპორტის სასახლეზე იქნება მიპყრობილი”.

გეგა ზურაბაშვილი (თბილისის მერიის სპორტის პროგრამების განყოფილების უფროსი): “მადლობა ყველას ვინც ჩართულია ამ ტურნირის ორგანიზებაში. დარწმუნებული ვარ ტურნირს ჩვენ ყველა ერთად მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ. ჩვენის მხრივ აღნიშნულ ტურნირს ყველანაირად დავეხმარებით”.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს თბილისის სპორტის სასახლე 11-დან 18 აპრილამდე უმასპინძლებს. თბილისს 38 ქვეყნის 478 სპორტსმენი და ოფიციალური პირი ეწვევა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარსდგება (8 მამაკაცი, 2 ქალი). ევროპის ჩემპიონატი 11 აპრილს 09:00 საათიდან აიღებს სტარტს. 15:30 საათზე გაიმართება ტურნირის ოფიციალური გახსნა. ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება. ტურნირის პირველ დღეს ქალთა შორის მედლები 48 კგ-ში გათამაშდება, ხოლო მამაკაცთა შორის 56 კგ წონით კატეგორიაში გაიმართება. ჯამში მედლები ქალთა შორის 7, ხოლო მამაკაცთა შორის 8 წონით კატეგორიებში გათამაშდება.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

მამაკაცები

რამინ შამილიშვილი (56 კგ)

გიორგი ლომთაძე (77 კგ)

ირაკლი გაბრიჭიძე (77)

ნიკა ნანაძე (94)

დავით გოგია (105)

გია მაჭავარიანი ( +105)

გიორგი ჩხეიძე (+ 105)

ქალები

თათია ლორთქიფანიძე (63 კგ)

სოფიო მუქათარიძე (69)

0.144062