როგორც dailymail.co.uk იუწყება, “ლივერპული” “მონაკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველის ჟოფრი კონდოგბიას შეძენით დაინტერესდა. აღნიშნული წყაროს ცნობით, კონდოგბიას თამაშით “ლივერპულის” ერთ-ერთი სკაუტი დაინტერესდა, რომელიც ფრანგული კლუბისა და “არსენალის” ლონდონურ მატჩს დაესწრო.
კონდოგბია “ლანსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პროფესიული კარიერა 2010 წელს სწორედ ამ გუნდში დაიწყო, 2012-2013 წლების სეზონი “სევილიაში” გაატარა, გასული სეზონის დასაწყისში კი საფრანგეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა და კონტრაქტი “მონაკოსთან” გააფორმა.
კონდოგბია მუდმივად თამაშობდა საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში, 2013 წელს კი 20-წლამდელ ფეხბურთელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.