ფეხბურთი

22:06 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” შავი სეზონი

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მილანის “ინტერი” ძალზე წარუმატებელ სეზონს ატარებს. “ნერაძურის” იტალიის სერია A-ში 29 ტურის შემდეგ ასეთი დაბალი ქულების რაოდენობა მას შემდეგ არ დაუგროვებია, რაც მოგებაზე სამი ქულა იწერება. დღეისთვის რობერტო მანჩინის გუნდს 38 ქულა აქვს დაგროვილი. ყველა ტურნირის ჩათვლით კი ლომბრადილებს უკვე 7 მატჩია არ მოუგიათ (3 ფრე, 4 წაგება). იტალიის ჩემპიონატში “ინტერნაციონალეს” ბოლო გამარჯვება 23 თებერვლით თარიღდება, როცა მათ “კალიარი” 2:1 დაამარცხეს. წლევანდელი შედეგი შავ-ლურჯების მიერ 1998-1999 წლების სეზონში ნაჩვენებ ქულათა რაოდენობაზე უარესია (40 ქულა), როდესაც ერთბაშად 4 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალეს (ჯიჯი სიმონი, მირჩა ლუჩესკუ, ლუჩანო კასტელინი და როი ჰოჯსონი). მაშინ მილანური გრანდის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც: რონალდო, იური ჯორკაეფი, ანდრეა პირლო, რობერტო ბაჯო, ჯანლუკა პალიუკა, დიეგო სიმეონე, და ჯუზეპე ბერგომი არიან.

გუნდმა ბოლო საშინაო გამარჯვება 8 თებერვალს, სიცილიური “პალერმოს” წინააღმდეგ ირგუნა (3:0).

ნეგატიურ სეზონს მილანელები სხვა კუთხითაც ატარებენ. 29 ტურის შემდეგ ასეთ დაბალ პოზიციაზე, მე-9 ადგილზე გუნდი მხოლოდ ერთხელ, იგივე 1998-1999 წლების სეზონში იმყოფებოდა. გარდა ამისა, 9 გამარჯვებაც ანტირეკორდია. “ინტერმა” საკუთარ მოედანზე დღეისათვის გასავარდნ ზონაში მყოფ სამ გუნდთან (“პარმასთან”, “ჩეზენასთან” და “კალიარისთან”) მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა. ამავდროულად, “ნერაძურიმ” “სან სიროზე” ამ დროისთვის მხოლოდ და მხოლოდ 5 მეტოქის ძლევა შეძლო (“სასუოლოს”, “ატალანტას”, “სამპდორიას”, “ჯენოასა” და “პალერმოს”), რაც 3-ქულიანი ჩემპიონატის არსებობის განმავლობაში მათთვის პირადი ანტირეკორდია.

“ინტერს” მიმდინარე სეზონში ორი თავკაცი შეეცვალა. სეზონი ვალტერ მაცარიმ დაიწყო, თუმცა ნოემბერში იგი რობერტო მანჩინიმ ჩაანაცვლა, მაგრამ როგორც ჩანს ამან ძირეული ცვლილებები მათ თამაშზე ვერ იქონია.

0.133048