ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა მზადაა აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს კოტდივუარელ ნახევარმცველ იაია ტურეს ახალი 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
აფრიკელი ფეხბურთელისადმი ინტერესს მილანის “ინტერი” იჩენს. რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ტურე “ნერაძურელთა” რიგებში იხილოს.
ფეხბურთელს “სიტისთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს, კვირაში კი ხელფასის სახით 300 000 ევროს იღებს. ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში გაიზრდება თუ არა იაიას შემოსავალი.
მიმდინარე სეზონში საყრდენმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. კოტდივუართან ერთად ფეხბურთელი 2015 წლის აფრიკის ეროვნებათა თასის გამარჯვებულიც გახდა.