მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი არა არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, არამედ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი გახლდათ.
“როდესაც “რეალს” ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს, ანჩელოტის პრობლემებიც მაშინ იწყება. ახლა იტალიელს თავისსატკივარი არ აქვს, რადგან არჩევანის საშუალება გააჩნია. ხამესი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. იგი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტიტული ლიონელ მესის გადასცეს. კარგია როდესაც გუნდს ასეთი ღირებული ნახევარმცველი და კარგი შემადგენლობა ჰყავს.” – განაცხადა ვალდანომ.
ხამეს როდრიგესი ბრაზილიაში გამართული მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით გახდა, ხოლო “ბარსელონას” თავდამსხმელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში ხამესმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 12 საგოლე გადაცემაც შეასრულა. კოლუმბიელმა ტრავმის გამო “რეალის” 11 შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მას კარლო ანჩელოტი საშუალოდ 72 წუთით ტვირთავს.